ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა. აქედან 213 ადამიანი დაიღუპა ვალენსიაში.
ამ დროის მონაცემებით, ვალენსიის სამხრეთით განგაშის წითელი დონეა. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ მოსალოდნელია ძლიერი ნალექი. მაზარონში მცხოვრებლებს უკვე მოუწოდეს სიფრთხილისკენ და გაუგზავნეს შეტყობინებები, რომ დარჩნენ სახლში.
შეგახსენებთ, დღეს ესპანეთის მეფე ფელიპე, დედოფალთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან ერთად, ვალენსიაში, ქალაქ პაიპორტაში იმყოფებოდა. მათ მოქალაქეების პროტესტის გამო მალევე მოუწიათ ტერიტორიის დატოვება. ხალხი მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა.
როგორც პაიპორტის მცხოვრებლები ამბობენ, პროტესტის მიზეზი მთავრობის მხრიდან უმოქმედობა იყო, რადგან ისინი არ გააფრთხილეს მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ, რამაც ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.