ესპანეთსა და იტალიაში მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 106 ადამიანი დააკავეს
ესპანეთისა და იტალიის პოლიციამ მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 106 ადამიანი დააკავა. ევროპოლის განცხადებით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან მაფიის დაჯგუფებებისთვის ფულის გათეთრებაში. გამოძიების ცნობით, ინტერნეტში თაღლითური სქემების მეშვეობით მათ მილიონობით ევრო მიიღეს.
დაკავებულების უმეტესობა იტალიის მოქალაქეა. ამასთან 106 პირს შორის უმრავლესობა ესპანეთის კანარის არქიპელაგის კუნძულ ტენერიფეზე დააკავეს.
იტალიის პოლიციის მონაცემებით, ეჭვმიტანილები თაღლითობით ან ძალადობით აიძულებდნენ თავიანთ მსხვერპლებს, გაეგზავნათ დიდი თანხები ესპანური ბანკის ანგარიშებზე, რომლებსაც დანაშაულებრივი ჯგუფი აკონტროლებდა. შემდგომ ფულის გათეთრება კრიპტოვალუტით ხდებოდა, ან თანხები იდებოდა სხვა კრიმინალურ საქმიანობაში, როგორიცაა პროსტიტუცია, ნარკოტიკითა და იარაღით ვაჭრობა. ევროპოლის განცხადებით, მხოლოდ გასულ წელს დაჯგუფებამ 10 მილიონი ევრო მიიღო.
ოპერაციის ფარგლებში, დაყადაღდა 118 საბანკო ანგარიში, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 224 საკრედიტო ბარათი და მარიხუანას პლანტაციები.