ესპანეთმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო

09:00, 01.07.2019

იტალიაში დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. უდინეში გაიმართა ფინალური მატჩი, რომელშიც ესპანეთმა გერმანიას ანგარიშით 2:1 მოუგო. ეს გუნდები 2017 წლის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ გერმანიამ გაიმარჯვა. ასე რომ, ესპანელებმა რევანშის აღება შეძლეს.

თამაშის დასაწყისში ესპანეთმა შეძლო სწრაფი გოლის გატანა – მეშვიდე წუთზე ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა გამოიჩინა თავი. მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე ესპანელებმა გაზარდეს უპირატესობა ნახევარმცველ დანიელ ოლმოს გოლით. მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე ანგარიშის შემცირება შეძლო ნადიმ ამირიმ.

ესპანეთი მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი 21-წლამდელ ფეხბურთელებს შორის. ამ მაჩვენებლით იგი იტალიის ნაკრებთან ერთად ლიდერობს.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა ფაბიან რუისი, რომელიც „ნაპოლიში“ თამაშობს. ეს ევრო U21-ის მეხუთე „ოქროს ბურთია“, რომელიც ესპანელ ფეხბურთელებს გადაეცათ. მანამდე ეს პრიზი დაიმსახურეს მანოლო სანჩესმა (1986), ფრანცესკ არნაუმ (1999), ხუან მატამ (2011), ტიაგო ალკანტარამ (2013) და დანი სებალიოსმა (2017).

მსგავსი