ესპანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი #1TVSPORT
ესპანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია. სიდნეიში გამართულ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა ინგლისი 1:0 ოლგა კარმონას გატანილი გოლით დაამარცხა.
კარმონამ ინგლისელთა კარში გადამწყვეტი გოლი პირველ ტაიმში, 29-ე წუთზე გაიტანა. ამის შემდეგ ესპანელ ფეხბურთელებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა ინგლისის ნაკრების მეკარე კარგად თამაშობდა.
მატჩის 70-ე წუთზე ინგლისელთა კარის დარაჯმა, მერი ერპსიმ ჯენიფერ ერმოსოს დარტყმული თერთმეტმეტრიანიც აიღო და საკუთარ გუნდს ფინალური შეხვედრის გადარჩენის შანსი შეუნარჩუნა, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი აიტანა ბონმატი დასახელდა.
ესპანეთის ნაკრები ქალთა შორის პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. აქამდე ამ ტიტულის მფლობელები იყვნენ: აშშ (ოთხჯერ), გერმანია (ორჯერ), ნორვეგია და იაპონია.