ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა კილიან მბაპე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა #1TVSPORT
ლა ლიგის 32-ე ტურში, „რეალ მადრიდისა“ და „ალავესის“ მატჩში, კილიან მბაპემ უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო. ფრანგმა თავდამსხმელმა ანტონიო ბლანკო წააქცია, რის შედეგადაც მსაჯმა თავდაპირველად ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა VAR-ის ჩარევის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მოედნიდან გააძევა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მბაპეს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუწესა, რაც ნიშნავს, რომ ის გამოტოვებს მხოლოდ ერთ შეხვედრას – ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ . მსაჯის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მბაპეს მოქმედება ბურთისთვის ბრძოლაში მოხდა და არ იყო მიზანმიმართული აგრესია, რაც სანქციის სიმკაცრეზე გავლენას ახდენს.
მატჩის შემდეგ მბაპემ ბოდიში მოიხადა როგორც ბლანკოს, ასევე თანაგუნდელების წინაშე. ბლანკომ აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები ფეხბურთში ხდება და მბაპეს ბოდიშს მნიშვნელობა აქვს.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე კილიან მბაპემ „რეალის“ მაისურით 49 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.