ესპანეთი საზღვარს ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15 ქვეყნიდან 13 ქვეყანასთან გახსნის, მათ შორის საქართველოსთან
ესპანეთი საზღვარს ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15 ქვეყნიდან 13 ქვეყანასთან გახსნის, მათ შორის საქართველოსთან

ესპანეთის ხელისუფლება ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15 ქვეყნიდან მხოლოდ 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის საზღვარს, მათ შორის საქართველოსთვის. ამის შესახებ ინფორმაციას შენგენვიზაინფო ავრცელებს.

ესპანეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა მაროკოსა და ჩინეთის მოქალაქეების შეშვებაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვეყნები ბრიუსელმა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნებად მიიჩნია.

ამის მიზეზი ჩინეთისა და მაროკოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლებიც ესპანეთის მსგავსად მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ტურისტების მიღებაზე უარს აცხადებენ.

საქართველოს გარდა ესპანეთი საზღვარს გაუხსნის ასევე ავსტრალიას, ალჟირს, კანადას, ახალ ზელანდიას, რუანდას, სერბეთს, ტაილანდს, ტუნისს, ურუგვაის, მონტენეგროს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

დატოვე კომენტარი