ესპანეთი იტალიიდან ჩასულ მგზავრებზე ერთი თვით სასაზღვრო კონტროლს აწესებს
ესპანეთი იტალიის მიმართ საპასუხო ზომებს ააქტიურებს და იტალიიდან ჩასულ ყველა მგზავრს სასაზღვრო კონტროლს უწესებს.
ახალი რეგულაცია დღეს შევა ძალაში და ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთი კვირით ადრე იტალიამ ანალოგიური ზომები შემოიღო ესპანეთის ანკლავ სეუტაში მაროკოდან მიგრანტების შეჭრის ფონზე.
ესპანეთსა და იტალიას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც ესპანეთმა იტალიას მოსთხოვა, 9 აგვისტომდე გაეუქმებინა ესპანეთიდან იტალიაში ჩასული მგზავრებისთვის დაწესებული შეზღუდვები, რაზეც რომმა უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ სასაზღვრო შემოწმება, სულ მცირე, 15 აგვისტომდე შენარჩუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ, იტალიური მხარის განცხადებით, შემოწმებები ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებს ეხება და ესპანეთის მოქალაქეები გათავისუფლებული არიან დამატებითი პროცედურებისგან, მედიის ცნობით, აეროპორტებში ესპანეთიდან ჩასული მგზავრებისთვის ხანგრძლივი რიგები და შეფერხებებია.
მადრიდმა იტალიის არგუმენტებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ სეუტაში შესულ მიგრანტებს შენგენის ზონაში გადაადგილების საშუალება მაინც არ ჰქონდათ და, ამასთან, მათი უმეტესობა უკვე დაბრუნდა მაროკოში.