ესპანეთის მთავრობა იტალიის მთავრობისგან მოითხოვს, 9 აგვისტომდე გააუქმოს ესპანეთიდან ჩასული მგზავრებისთვის დაწესებული სასაზღვრო კონტროლი
ესპანეთის მთავრობა იტალიის მთავრობისგან მოითხოვს, 9 აგვისტომდე გააუქმოს ესპანეთიდან ჩასული მგზავრებისთვის დაწესებული სასაზღვრო კონტროლი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ზომა უსამართლოა, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს და ესპანეთის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციულია.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ იტალია თუ არ მოხსნის აღნიშნულ შეზღუდვებს, მადრიდი საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად „პროპორციულ საპასუხო ზომებს“ მიიღებს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რას მოიცავს ეს ზომები.
ესპანეთში აცხადებენ, რომ იტალიის მიერ პირველ აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება „ყალბ არგუმენტებს ეფუძნება“ და შენგენის სასაზღვრო კოდექსსა და ფაქტებს ეწინააღმდეგება.
ესპანეთის მთავრობის განცხადებით, გასულ კვირას სეუტაში არალეგალურად შესულ არცერთ მიგრანტს შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების უფლება არ მიუღია, რადგან სეუტას განსაკუთრებული სტატუსი აქვს.
მადრიდში ასევე აცხადებენ, რომ მიგრანტების უმრავლესობა უკვე მაროკოში დაბრუნდა.