ესპანელთა მწვრთნელი - საქართველოს ევროპაში საუკეთესო მაღლები ჰყავს, ესპანეთი-საქართველო პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანელთა მწვრთნელი - საქართველოს ევროპაში საუკეთესო მაღლები ჰყავს, ესპანეთი-საქართველო პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT

29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ესპანეთის ქალაქ ხაენში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს გამართავს. მისი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი იქნება. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ქართველებმა შინ უკრაინა 88:83 დაამარცხეს, ესპანელებმა სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას 94:65 აჯობეს.

 

ბურჯანაძე – თაობათა ცვლა ესპანეთშიც დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ესპანეთს ერთხელ შეხვდა – ევრობასკეტი 2013-ის ჯგუფურ ეტაპზე. ის შეხვედრა პირენეელებმა 83:59 მოიგეს. მათ შემადგენობაში რიკი რუბიო, მარკ გასოლი, რუდი ფერნანდესი თამაშობდნენ… საქართველოს კი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია აკლდნენ.

ბოლო ინფორმაციით თორნიკე ჩვენს გუნდს ვერც ხაენში დაეხმარება – მას ტრავმა აქვს და ექიმებმა მოედანზე გასვლა აუკრძალეს. იგი განაცხადში იქნება, თუმცა ვერ ითამაშებს.

„ევრობასკეტზე პირველად 2013 წელს ვითამაშე. ესპანეთის ნაკრებს მაშინ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა. ამჟამად მათთან, ისევე როგორც ჩვენთან, თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანეთი სუსტი გუნდია. მასში ხომ ევროპის საუკეთესო ლიგის, ACB-ის კალათბურთელები თამაშობენ“, – ამბობს ბექა ბურჯანაძე.

გიორგი შერმადინს „ტენერიფეში“ მისივე შემცვლელის, ფრან გერას წინააღმდეგ მოუწევს თამაში:

„გერას ვკითხე – მატჩი მაინცდამაინც ხაენში რატომ დანიშნეს-მეთქი. ამიხსნა, რომ ტურისტული, ძალიან ლამაზი ქალაქია და დარბაზი ახალი აშენებულია. მთელი ესპანეთი მოუთმენლად ელის ჩვენთან თამაშს“, – აღნიშნა გიორგი შერმადინმა.

საქართველოს ნაკრები: თად მაკფადენი (მურსია, ესპანეთი), ლუკა მაზიაშვილი (ცხუმ-აფხაზეთი), გივი ბაქრაძე (ოლიმპი), ოთარ ფხაკაძე (ქუთაისი), კახა ჯინჭარაძე (ოლიმპი), მიხეილ ბერიშვილი (თსუ), გიორგი კორსანტია (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (გრან კანარია, ესპანეთი), თორნიკე შენგელია (ცსკა, რუსეთი), ბექა ბურჯანაძე (ბეტისი (ესპანეთი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე (კაენი, საფრანგეთი).

სკარიოლო – საქართველოს ევროპაში საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს

ევროლიგასა და ფიბა-ს შორის დაპირისპირების შედეგად ნოემბერსა და თებერვალში ევროლიგის გუნდები მოთამაშეებს ნაკრებში არ უშვებენ. შესაბამისად, ესპანეთს „ბარსელონას“, „რეალისა“ და „ბასკონიას“ კალათბურთელები ვერ დაეხმარებიან.

ამის მიუხედავად ესპანელები ჯგუფის ფავორიტები არიან, თუმცა მათი მთავარი მწვრთნელი სერხიო სკარიოლო საქართველოს ნაკრებს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ახასიათებს:

აამ ფანჯარაში წარმოდგენილი გუნდებიდან ევროპაში არ მეგულება ნაკრები, რომელსაც საქართველოზე უკეთესი წინა ხაზი ჰყავს. ჯორჯიელებისემედგენლობაში ფიზიკურად და ტექნიკურადა ძლიერი კალათბურთელები თამაშობენ – შერმადინი, შენგელია და ბურჯანაძე. პერიმეტრზე მაკფადენია, რომელსაც ინდივიდუალური ოსტატობით შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

საინტერესოა, როგორ შევძლებთ ასეთ გუნდთან კონკურენციას. ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის ეთღთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა იქნება. კარგი საკალათბურთო მატჩი გამოვა. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გუნდები სხვადასხვა პლუსებით, სხვადასხვა საბრძოლო იარაღით.

ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძვით, თუმცა არის შეხვედრები, რომლებშიც მოგების დიდი შანსი გვაქვს (მაგალითად მაკედონიასთან) და მატჩები, რომლებშიც შანსი ნაკლებია (საქართველოსთან)“.

სერხიო სკარიოლომ საქართველოს ნაკრების კაპიტნის შესახებ ცალკე ისაუბრა:

„შენგელიას შემთხვევა განსაკუთრებულია. იმ პირობებში, როდესაც ფიბა და ევროლიგა ერთმანეთთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ და სანაკრებო მატჩებში ევროლიგის კალათბურთელებს თამაშის საშუალება არ ეძლევათ, შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტში ჩადო პუნქტი, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაშის შესაძლებლობა აქვს. ეს კონკრეტული მოთამაშის ქვეყნისადმი მიდგომაზე ნათლად მეტყველებს“.

ესპანეთის ნაკრები: დარიო ბრიცუელა, ალბერტო დიასი, ხაიმე ფერნანდესი (უნიკახა) ვიქტორ არტეაგა (მოვისტარი), ხონათან ბარეირო (სარაგოსა), კინო კოლომი (აეკი), დანი დიესიფრან გერა (ტენერიფე), მიქელ სალვო (სან პაბლო ბურგოსი), დანი პერესი, იანკუბა სიმა (მანრესა), ხაბი ლოპეს-აროსტეგი, ხაიმე პრადილიახოან სასტრე (ვალენსია), ხოელ პარა, ორიოლ პაული (გრან კანარია).

 

G ჯგუფის კალენდარი

26 ნოემბერი, 2021

საქართველო-უკრაინა 88:83

ჩრდილოეთ მაკედონია-ესპანეთი 65:94

29 ნოემბერი, 2021

ესპანეთი-საქართველო

24 თებერვალი, 2022

საქართველო- მაკედონია

27 თებერვალი, 2022

ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო

1 ივლისი, 2022

უკრაინა-საქართველო

4 ივლისი 2022

საქართველო-ესპანეთი