ესპანეთთან საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურის მატჩში თორნიკე შენგელია ვერ ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ფეხი უკრაინასთან მატჩში იტკინა, თუმცა იყო იმედი, რომ რეაბილიტაციას შეძლებდა და თორნიკე გუნდს ესპანეთში გაჰყვა.

თავად შენგელიას, რომელიც უკრაინასთან სათამაშოდ მოსკოვიდან ჩარტერული რეისით, ევროლიგის მატჩის დასრულებისთანავე გამოფრინდა, ესპანეთის წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდოდა და ბოლო მომენტამდე ცდილობდა მწყობრში ჩადგომას, მაგრამ ჩვენი ნაკრების ექიმების სამწუხარო ვერდიქტი ესპანელმა მედიკოსებმაც დაადასტურეს: შენგელიას ტრავმირებული ფეხის მდგომარეობა არ იძლევა მისი ესპანეთთან მოედანზე გასვლის საშუალებას.

საქართველოს ნაკრებმა ხაენისოლივე არენაზე“ პირველი ვარჯიში თამაშის წინა საღამოს გამართა. შენგელია გუნდთან ერთად იყო, ფარშიც ისროლა, თუმცა ვარჯიშის პროცესს სათადარიგოთა სკამიდან უყურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი განაცხადში იქნება, მაგრამ ესპანეთთან სათამაშოდ მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე ესპანეთის ქალაქ ხაენში გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

gbf.ge