უკრაინასთან გამარჯვების ხუთი ფაქტორი - როცა ტაქტიკა გადამწყვეტი არ არის [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინას 88:83 მოუგო – რამდენადაც იოლია დასაწერად, იმდენად რთული იყო რეალობაში.

ნებისმიერ გამარჯვებასა თუ დამარცხებას ათეულობით მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა გამოვყოფთ უკრაინასთან წარმატების ხუთ მთავარ ფაქტორს.

 

ფაქტორი #1 – მწვრთნელი

აღმართ-დაღმართის პრინციპი კალათბურთშიც გვხვდება – რამდენი ტაქტიკური სქემაცაა, იმდენია კონტრტაქტიკა.

სწორედ ამიტომ, როდესაც ერთმანეთს მაღალი დონის მწვრთნელები უპირისპირდებიან, ყველა ნაბიჯზე კონტრნაბიჯს იოლად პოულობენ. საქართველოს ნაკრების თავკაცი ილიას ზუროსი და უკრაინელთა მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი ევროპის ტოპ-მწვრთნელებში გადიან.

ბაგაცკისმა დაცვაში სწორი და ზედმეტად აგრესიული თამაშით იმას მიაღწია, რომ საშუალო ევროპული დონის კალათბურთელებით ევროლიგის დონის ქართველ მოთამაშეებთან ბოლომდე თანაბრად ითამაშა და გამარჯვების შანსიც ჰქონდა.

როდის მიმართა ზონას, როგორი ტაქტიკით გადაჰქონდა საქართველოს ბურთი, ან როგორ მოქმედებდნენ ქართველები პიკ-ენდ-როლისას, ამაზე წერა ძალიან შორს წაგვიყვანს, ფაქტი ერთია: საფინალო ოქმში დაფიქსირებული შედეგის მიხედვით ზუროსმა ბაგაცკისს აჯობა.

 

ფაქტორი #2 – ინდუვიდუალიზმი

ილიას ზუროსს ნათქვამი აქვს – დაცვაში მთავარი გუნდური გარჯაა, შეტევაში – ფანტაზია, საქართველოს ნაკრებში იმდენად მაღალი დონის შემსრულებლები გვყავს, შეტევისას ინდივიდუალურად ნებისმიერ მეტოქესთან უპირატესობის მოპოვება შეიძლებაო.

უკრაინამ 83 ქულა ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდმა დაცვაში კარგად ვერ ითამაშა. შეტევაში კი ქართველებმა ფანტაზიისა და ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით აჯობა მეტოქეს.

ეს იყო მატჩი, რომელშიც მოთამაშეთა ინდივიდუალურმა მოქმედებებმა ყოველგვარი ტაქტიკური სქემა გადაწონა.

 

ფაქტორი #3 – კლასი

კალათბურთელისა და მხატვრის ფანტაზია ერთმანეთისგან განსხვავდება:

მხატვარი ჯერ იაზრებს რა უნდა დახატოს, შემდეგ კომპოზიციაზე ფიქრობს, რა იდეა ჩადოს და ა.შ.

კალათბურთელს შეტევისთვის 24 წამი აქვს, სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის – წამის მეასედი…  კალათბურთი ინტელექტუალური თამაშია, რომელშიც ერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მატჩი, ან თუნდაც ჩემპიონატი წაგაგებინოს, ან პირიქით – გადამწყვეტ მომენტში გადადგმულმა სწორმა ნაბიჯმა მსოფლიოს პირველობაზე გაგიყვანოს. კალათბურთელმა რაც მეტი სათამაშო ნიუანსი იცის, მით მაღალია მისი სათამაშო კლასი.

ჯერ მსოფლიომდე შორია, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მეოთხე პერიოდში დაგვანახა, რომ გადამწყვეტ მომენტში შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა შეუძლია: მეოთხე პერიოდში უკრაინამ 5 შეცდომა დაუშვა – საქართველომ – 2.

ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი ევროპის საუკეთესო, ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობენ, ხოლო თორნიკე შენგელია – ევროლიგის გამორჩეული თავდამსხმელია. მათი სათამაშო კლასი უკრაინასთან მატჩის ბოლო წუთებზე მკაფიოდ გამოჩნდა.

 

ფაქტორი #4 – სამქულიანი

უკრაინასთან შეხვედრაში სირენამდე 4:34 წუთით ადრე გივი ბაქრაძეს სამქულიანი რომ არ ჩაეგდო და სხვაობა 5 ქულამდე არ გაეზარდა (78:73), ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა შეხვედრა. სამქულიანი ნებისმიერ მატჩში ძალიან ბევრს ნიშნავს.

საქართველოს ნაკრებს პერიმეტრიდან მტყორცნელებში საქმე ცუდად აქვს: გამოცდილი მსროლელი მხოლოდ დუდა სანაძეა, რომელიც ტრავმირებულია. ბაქრაძესაც შეუძლია სამიანის ჩაგდება, ბერიშვილსაც, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ბულაშვილი აგდებს მაღალი სიზუსტით, თუმცა გვაკლია მანუჩარ მარკოიშვილს კლასის მსროლელი, რომელსაც, ისევე, როგორც მაკფადენს აინარს ბაგაცკისი 40 წუთის განმავლობაში „პირად მცველს“ მიუჩენდა.

შესაბამისად, ფარქვეშ შერმადინსა თუ შენგელიას სამის ნაცვლად ორი მეტოქე დახვდებოდა და უკრაინელებს უფრო გაუჭირდებოდათ სამწამიანი ზონის დაცვა.

სამქულიანის მნიშვნელობაზე მარტივი არითმეტიკაც მეტყველებს – უკრაინასთან თად მაკფადენს 7 სამქულიანი რომ არ გამოეყენებინა, 67:83-ს წავაგებდით.

 

ფაქტორი #4 – ხასიათი

საქართველოს ნაკრების ყველა წევრს თორნიკე შენგელიას ნაჩუქარი სამაჯური აქვს, წარწერით – Geosoul (ქართული სული).

ცსკა-ს მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა აღიარა – თორნიკე შენგელია ევროპის ტოპ-კლასის ფორვარდია, მაგრამ მისი დამატება პირველ რიგში თოკოს ხასიათის გამო მინდოდაო. ასეთი ლიდერები ევროპულ კალათბურთშიც იშვიათობაა. ყველას როდი შეუძლია გადამწყვეტ მომენტში ძალების მობილიზება და თამაშის მოგება. ამას ქართული ხასიათი სჭირდება, რაც შენგელიამ უკრაინასთან მშვენივრად გამოავლინა.

არავინ იცის, მას პირველ ტაიმში ნატკენი მუხლი ბოლო წუთებზეც აწუხებდა თუ არა, თამაშის ბოლოს, მუხლი თავადაც არ ეხსომებოდა, არც ის ემახსოვრებოდა, წინა დღისით „ბაიერნთან“ მძიმე მატჩში 32 წუთი რომ ითამაშა და დარბაზიდან პირდაპირ საქართველოში გადმოფრინდა. საჭირო მომენტში აღარც დაღლილობა ეტყობოდა, აღარც ტრავმაზე ფიქრობდა – ბურთის მიღებისთანავე მეტოქის ფარისკენ მიიწევდა და უკრაინელები ვეღარც ჯარიმებით აჩერებდნენ.

 

 

ფაქტორი #5 – ქომაგი

2020 წლის თებერვლის შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების თბილისურ მატჩს გულშემატკივარი პირველად 2021 წლის 26 ნოემბერს დაესწრო. ქომაგიც ფორმიდან ამოვარდნილი ჩანდა – სწორედ შენგელიას და მისი პარტნიორების ეფექტური მოქმედებების შემდეგ მთელი დარბაზი ახმაურდა, რაც, როგორც პრესკონფერენციაზე თორნიკემ თქვა, გუნდის გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქცა.

დატოვე კომენტარი