„ესოშიეიტიდ პრესის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჯო ბაიდენის რეიტინგი დაეცა
„ესოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევიდან ერთი წლის შემდეგ, მისი რეიტინგი კვლავ დაეცა. სააგენტოს დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ჯო ბაიდენის პოლიტიკას არ ეთანხმება გამოკითხული ამერიკელების 56 პროცენტი.
ამასთან, გამოკითხვის მონაწილეთა მხოლოდ 28 პროცენტს სურს, რომ ბაიდენმა 2024 წელს ხელმეორედ იყაროს კენჭი.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ მისი პოპულარობის კლების შესახებ დასმულ კითხვას აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არ სჯერა ამ გამოკითხვების“.
„ესოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, ბაიდენის რეიტინგის კლება პანდემიასთან ბრძოლაში წარუმატებლობასა და ინფლაციის ზრდას უკავშირდება.
ივლისში, სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ბაიდენის პოლიტიკას გამოკითხულ ამერიკელთა 59 პროცენტი ეთანხმებოდა. მისი რეიტინგი 50 პროცენტამდე დაეცა ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების ქაოტური გასვლისა და კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების შემდეგ.
ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 16 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ამერიკა უფრო ერთიანი გახდა, ხოლო 43 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა უფრო დაყოფილია.
„ესოშიეიტიდ პრესის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში 1 161 ზრდასრული მოქალაქე მონაწილეობდა და ის 13-18 იანვრის პერიოდში ჩატარდა.
ჯო ბაიდენის აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონიალი 2021 წლის 21 იანვარს გაიმართა.