„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს დროის ხარჯვა აბსურდულ პროცესებზე, ქვეყანას არ აქვს მორჩილი აქტორების გამოგონილ კამპანიებზე ფინანსების ხარჯვის ფუფუნება

10:56, 17.07.2026

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად მოეგოს გონს და შეწყვიტოს ამ აბსურდულ პროცესებზე როგორც ბიუჯეტის ფულის, ისე დროის ხარჯვა, რადგან საქართველოს არ აქვს უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების, რეალურად კი გარე ძალების მორჩილი აქტორების გამოგონილ, აბსურდულ კამპანიებზე დროის და ფინანსების ხარჯვის ფუფუნება, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს, მივმართოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ფსევდოლიბერალური ჯგუფებისგან თავსმოხვეულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, აქტუალურობას არ კარგავს.

მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ურთულესი გამოწვევებია, საქართველოს ხელისუფლება კვლავ ვერ ახერხებს საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, რომ სახელმწიფო სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და რომ საზოგადოებრივი დისკუსია რეალურ პრობლემებზეა ორიენტირებული.

განსაკუთრებით საგანგაშოა ხელისუფლების უუნარობა, სათანადო პასუხი გასცეს უცხოეთიდან დაფინანსებულ იმ ჯგუფებს, რომლებიც თავს ცხოველთა უფლებების დამცველებად ასაღებენ, თუმცა, სინამდვილეში მათი საქმიანობა ნებისმიერი თემის პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოყენებას ემსახურება.

ეს ე.წ. ცხოველთა უფლებადამცველი ენჯეოები, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების თემით მანიპულირებენ, ძირითადად, ისევ ის ფსევდოლიბერალები არიან, რომლებიც ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებდნენ საზოგადოებას. ზოგადად ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკო-აქტივიზმი − ეს ორივე მიმართულება ერთიანდება მემარცხენე-ლიბერალური იდეოლოგიის ქოლგის ქვეშ და რეალურად ორივე პოლიტიკური ინსტრუმენტია კონკრეტული ძალების ხელში, რასაც არც ბუნების გადარჩენის სურვილთან და არც ცხოველების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყველაზე ნათელი მაგალითი ე.წ. ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგია, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესის გატარებას ემსახურება. ქართულმა საზოგადოებამ ის ჩვენს ქვეყანაშიც იხილა, როდესაც რევოლუციური პროცესების მხარდასაჭერად ჩამოვიდა.

ისევე, როგორც გლობალურად, საქართველოს შემთხვევაშიც მათი მიზანი არა ცხოველთა დაცვა, არამედ სახელმწიფოზე ზემოქმედებაა, რათა მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი კეთილდღეობა კი არა, ცხოველების გამოგონილი უფლებები გახდეს. ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვის ნაცვლად, მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრების მოწყობაზე ზრუნავდეს. ანუ, მათი ამოცანა იმგვარი ვითარების შექმნაა, რომელიც ქვეყანას დააზიანებს − თუკი მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა ქუჩებში უკონტროლოდ გაიზრდება, მოიმატებს ადამიანებზე თავდასხმის და დაკბენის რისკიც, რაც უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ტურიზმის კუთხით სერიოზულ გამოწვევად იქცევა. ასეთ პირობებში დაზარალდებიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელი ვიზიტორებიც. ხოლო თუკი ეს პროცესი უკონტროლოდ გაგრძელდება, ქვეყანაში შეიქმნება გარემო, რომელიც უარყოფითად აისახება როგორც ტურისტულ მიმზიდველობაზე, ისე მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. საბოლოოდ, საზოგადოებისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნა და სახელმწიფოს მუდმივი კრიზისების რეჟიმში გადაყვანა სწორედ ის შედეგია, რომლის მიღწევასაც ისინი ცდილობენ. მათი მიზანი არა პრობლემების მოგვარება, არამედ ქვეყნის მუდმივ დაძაბულობასა და არასტაბილურობაში დატოვებაა.

ამ ფონზე, სრულიად გაუგებარია, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის მტრების, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების კარნახს მიჰყვება და ისეთ აბსურდულ დაპირებებს აძლევს, რომლის ანალოგი რთული სანახავია. თავად განსაჯეთ, მაგალითად, ბათუმში ხელისუფლება აშენებს ძაღლების თავშესაფარს, რომლის საერთო ღირებულება თითქმის 9 მილიონი ლარია. ანუ, 9 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან ძაღლების თავშესაფარზე მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნაწილს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს.

მიგვაჩნია, რომ ეს, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ვითარებას ჩიხში შეიყვანს, რადგან ქვეყანაში სხვადასხვა სტატისტიკით 350 000-დან 400 000-მდე მიუსაფარი ძაღლია და ჩვენი ეკონომიკის პირობებში შეუძლებელია ასეთი რაოდენობისთვის თავშესაფრების აშენება. „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთხელ დაჰყვება არასამთავროთა მოთხოვნებს, ზემოქმედება კიდევ უფრო გაიზრდება და სახიფათო სპირალში გახვევს ხელისუფლებას. მივიღებთ ვითარებას, როდესაც მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას შეიძლება მოხმარდეს, ძაღლების თავშესაფრების აშენებაში დაიხარჯება, თანაც ისე, რომ ამით პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდება და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება გარედან დაქირავებული აგენტურის შანტაჟს დაექვემდებარა.

ასევე, მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებსაც, ჩვენს მსგავსად, ძაღლები ძალიან უყვარს. დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ქუჩებს მოდებული ასიათასობით უპატრონო ძაღლი, რომელთა უმეტესობა დაავადებული და მშიერია, ნელი და მტანჯველი სიკვდილით დაღუპვისთვისაა განწირული, თუკი მათზე არავინ იზრუნებს?

სწორედ ცხოველების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების გათვალისწინებით გვსურს ამ ადამიანებს დავუსვათ ერთი რელევანტური შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, რა უფრო კეთილშობილურია − ქუჩაში მიტოვებული, შიმშილისთვის განწირული ძაღლი, რომელიც შესაბამისი ზრუნვისა და კვების გარეშე, მაქსიმუმ რამდენიმე კვირას იცოცხლებს, ანუ ცხოველის ნელი, მტანჯველი სიკვდილისთვის გაწირვა, თუ სელექციური ევთანაზიის გამოყენება მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს?

მიგვაჩნია, რომ უფრო არაჰუმანური ცხოველის შიმშილით სიკვდილისთვის გაწირვა და ქუჩაში დატოვებაა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც ამდენი მიუსაფარი ძაღლი უკონტროლოდ დადიოდეს ქუჩებში. ცნობისთვის, იტალიაში 1000 მოსახლეზე 10 მიუსაფარი ძაღლი მოდის, ესპანეთში 25, თურქეთში 47, გერმანიასა და ნიდერლანდებში ეს მაჩვენებელი თითქმის ნულის ტოლია, საქართველოში კი ყოველ 1000 მოსახლეზე 135 მიუსაფარი ძაღლი ფიქსირდება.

იქ, სადაც მაჩვენებელი დაბალია, ეს შედეგი არ მიუღიათ მხოლოდ თავშესაფრების აშენებით და მიდგომა გაცილებით კომპლექსურია, რომელიც მრავალმხრივ პასუხისმგებლობებს მოიცავს, ნაცვლად მთელი ტვირთის სახელმწიფოზე დაკისრებისა. ნუთუ არავინ ფიქრობს იმ რისკფაქტორებზე, რომლებიც ამდენი უპატრონო ცხოველის ქუჩაში ყოფნას უკავშირდება, რატომ არავინ იმჩნევს, რომ უამრავი ადამიანია უკვე დაკბენილი და დაზარალებული, ამ პროცესის შეჩერება კი შეუძლებელი იქნება, თუ რაიმე ფუნდამენტური ნაბიჯი არ გადაიდგმება?!

საინტერესოა ისიც, თუ სადამდე ეყოფათ უტიფრობა ე.წ. უფლებადამცველებს, რომლებიც ხელისუფლებას უკიჟინებენ − ძაღლებს სტერილიზაცია გაუკეთეთ, აცერით და ქუჩაში დააბრუნეთო. ეს ჰუმანური გამოსავალი არ არის! ვისაც ძაღლი ჰყავს, კარგად იცის, რამდენი ზრუნვა, კვება და მოვლა სჭირდება მას. ქუჩაში დაბრუნებით კი ცხოველს ისევ შიმშილისა და დაავადებებისთვის ვწირავთ, მოსახლეობას კი საფრთხის წინაშე ვაყენებთ.

ამ ადამიანების პოლიტიკურ მიკერძოებაზე და ღირებულებით სისტემაზე არაფერს ვიტყვით, რადგან მათი უმრავლესობის ძირითადი და მთავარი საქმიანობის შესახებ მოსახლეობამ ისედაც ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ საინტერესოა, თუკი ასე შესტკივათ მიუსაფარ ცხოველებზე გული, რატომ თავად არ შეიფარებენ არა ერთ, ან ორ, არამედ რამდენიმე ცხოველს და მთელ საზოგადოებას არ უჩვენებენ მაგალითს?! დარწმუნებული ვართ, ე.წ. უფლებადამცველების უმრავლესობას ერთი ძაღლიც კი არ ეყოლებათ შინ!

ბუნებრივია, შეკითხვები ჩნდება არა მხოლოდ ე.წ. უფლებადამცველებთან, არამედ იმ ადამიანებთან მიმართებითაც, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობენ და ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მაშინ, როდესაც პრაქტიკაში ამ ძაღლების მიმართ არანაირი ემპათია არ აქვთ, რადგან ადამიანს, რომელსაც რეალურად აწუხებს ეს პრობლემა, თავადაც შეუძლია მის მოგვარებაში საკუთარი, თუნდაც მცირედი წვლილი, რამდენიმე ძაღლის შეფარებით და მოვლით შეიტანოს.

რეალურად, უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ როგორც ე.წ. ენჯეოების წარმომადგენლების უმრავლესობა, ისე ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან ძაღლებზე და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები. ისინი ცრუ ემოციების და წარმოდგენების შექმნით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რადგან ზოგადად ცხოველებთან, განსაკუთრებით კი ძაღლებთან, ადამიანების უმრავლესობას დადებითი ემოციური დამოკიდებულება და კავშირი აქვს. აღნიშნული ენჯეოები სწორედ ამ ემოციებით მანიპულირებენ და საზოგადოების ნაწილს, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის საკითხით მთავრობის, სახელმწიფოსა და ყველა იმ ადამიანის, თუ ძალის წინააღმდეგ განაწყობენ, ვისაც ამ პრობლემასთან დაკავშირებით რაციონალური პოზიცია აქვს.

რაციონალური პოზიცია შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, რომელიც მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაშია აპრობირებული, მათ შორის იმ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, რომლისკენაც „ქართულ ოცნებას“ საქართველო მიჰყავს. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებას არა მილიონობით ლარის არაეფექტიანად დახარჯვა, არამედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და კანონმდებლობის გამკაცრება სჭირდება − სახელმწიფო მილიონებს ძაღლების თავშესაფრების აშენებაში კი არ უნდა ხარჯავდეს და ამ ფულს მოსახლეობას კი არ უნდა აკლებდეს, არამედ მკაცრად უნდა აკონტროლებდეს, რომ ვერავინ გაბედოს ძაღლის ქუჩაში გამოგდება, ასევე, ძაღლების გამრავლებასთან დაკავშირებით უნდა შემოიღოს კანონი, გამოიყენოს მკაცრი ღონისძიებები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს შინაური ცხოველის ყოლაზე, შემდეგ კი ამ ვალდებულებას არ შეასრულებს და ცხოველს უპატრონოდ დატოვებს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად მოეგოს გონს და შეწყვიტოს ამ აბსურდულ პროცესებზე როგორც ბიუჯეტის ფულის, ისე დროის ხარჯვა, რადგან საქართველოს არ აქვს უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების, რეალურად კი გარე ძალების მორჩილი აქტორების გამოგონილ, აბსურდულ კამპანიებზე დროის და ფინანსების ხარჯვის ფუფუნება, რადგან მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი ჩვენი რეგიონი, დღეს იმყოფება ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოების სუვერენიტეტის და ყოფნა-არ ყოფნის საკითხები წყდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი