ერთი მოგება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა კაგაიაკი ეფექტური ილეთით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ერთი მოგება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა კაგაიაკი ეფექტური ილეთით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

33 წლის ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე ასპარეზობას წარმატებით განაგრძობს. მან მე-13 საშეჯიბრო დღეს ზედიზედ მე-5 და ჯამში მე-7 გამარჯვება იზეიმა, დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირებამდე კი 1 მოგება აშორებს.

ტოჩინოშინი ამჯერად მე-13 მაეგაშირას, კაგაიაკის დაუპირისპირდა, რომელსაც აქამდე გორგაძის მსგავსად 6 მოგება და 6 წაგება ჰქონდა. ქართველი სუმოისტის ბრძოლა დღესაც დრამატულად წარიმართა: შეჯახების შემდეგ, მეტოქემ ორივე ხელის მავაშში (ქამარში) ჩავლება მოასწრო, ტოჩინოშინმა კი ეს მხოლოდ ერთი ხელით მოახერხა. ორ ეპიზოდში კაგაიაკის გორგაძის დოჰიოდან გადაყვანა შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა. ბრძოლა დაახლოებით 43 წამი გრძელდებოდა და ბოლოს ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან ეფექტური გდებით მოისროლა და უვატენაგეთი მოიგო.

 

ამრიგად, 13 დღის შემდეგ გორგაძეს 7 მოგება და 6 წაგება აქვს. მას 2-დან ერთი შეხვედრის მოგება სჭირდება დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად. ხვალ, 25 სექტემბერს კი მისი მეტოქე მე-2 მაეგაშირა კირიბაიამა იქნება, რომელსაც ამ ბაშოზე 7 მოგება და 5 წაგება აქვს.