ერთა ლიგა | საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩი პირველ არხზე - „ჯვაროსნებს“ კაშია და კვარაცხელია უბრუნდებიან #1TVSPORT
ერთა ლიგა | საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩი პირველ არხზე - „ჯვაროსნებს“ კაშია და კვარაცხელია უბრუნდებიან #1TVSPORT

23 მარტს „დინამო არენაზე“ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება – მატჩი 18:00 საათზე  დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.

ფაქტები

  • საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს რვაჯერ შეხვდნენ. ოთხჯერ საქართველომ მოიგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერ სომხებმა გაიმარჯვეს. ამ მატჩებში საქართველოს ნაკრებმა 17 გოლი გაიტანა და 8 მიიღო.
  • გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების მეორე ფეხბურთელია, ვინც სომხეთის ნაკრებს დუბლი შეუსრულა, პირველად ამის გაკეთება 1997 წლის 30 მარტს მოგებულ შეხვედრაში (7:0) არჩილ არველაძემ მოახერხა.
  • სომხეთთან მატჩში გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, ვინც საგოლე გადაცემა მიითვალა.
  • ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელია, ვინც ამ პოსტზე 20 თამაშის მოგება მოახერხა.

ურთიერთშეხვედრები

20 მარტს ერევნის ვაზგენ სარქისიანის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილის გოლითა და გიორგი მიქაუტაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0.

ეს ნაკრებები ოფიციალურ მატჩებში სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 20 მარტს საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. 2020 წელს ერთა ლიგაზე, პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა (საქართველოს ნაკრებიდან გოლები ნიკა კაჭარავამ და თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანეს), თბილისში კი საქართველოს ნაკრები 1:2 დამარცხდა (ვაკო ყაზაიშვილმა პენალტი გაიტანა).

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრებს კაპიტანი გურამ კაშია და ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია უბრუნდებიან, რომლებმაც ერევანში შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს. „ჯვაროსნებს“ თბილისში ლუკა ლოჩოშვილი ვერ დაეხმარება, რომელმაც ერევანში ტრავმა მიიღო. მართალია, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა, მაგრამ მწვრთნელები მის თამაშს მაინც ერიდებიან და ლუკას დასვენების შესაძლებლობას მისცემენ.

სომხეთის ნაკრები

სომხეთის ნაკრები საქართველოსთან პლეი ოფის მატჩებს საკადრო პრობლემებით შეხვდა, სხვადასხვა მიზეზების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გამოაკლდათ, თბილისში კი ამ სიას „კაიზერსლაუტერნის“ თავდამსხმელი გრანტ-ლეონ რანოსიც დაემატა, რომელმაც საქართველოსთან ერთა ლიგის საპასუხო შეხვედრამდე ეროვნული გუნდის შეკრება დატოვა.

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რანოსი ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს ითხოვდა, რაც ნიდერლანდელი სპეციალისტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ფეხბურთელმა შეკრება დატოვა.

მწვრთნელების კომენტარი

ვილი სანიოლი – „პირველი თამაშის 3:0-ის მოგების შემდეგ მოთამაშეების მოტივაცია არ გაგვიჭირდება. განსხვავებული შემადგენლობა იქნება – ბიჭებმა იციან, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა და თუ ბოლომდე არ დაიხარჯებიან, სხვები ითამაშებენ. ჩვენ ყველა პოზიციაზე არაერთი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს.

მეკარის პოზიცია განსხვავებულია და გუგეშაშვილს შანსი ივნისის ამხანაგურ შეხვედრებში მიეცემა. ლუკა ლაცაბიძე ნიჭიერი მოთამაშეა, უკრაინაში ახლახან წავიდა. ძალიან თავშეკავებული ბიჭია, ბევრს მისმენს და სწავლობს, მომავალში შანსი აუცილებლად ექნება, მაგრამ ხვალ მნიშვნელოვანი თამაშია, ძლიერ შემადგენლობას ვათამაშებთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

რაც შეეხება ტაქტიკურ სქემას, ერევანში უკვე ნახეთ, სამომავლოდ რა სქემის გამოყენებასაც ვაპირებთ“.

ვილი სანიოლი და ჯონ ვან’ტ სხიპი

ჯონ ვან’ტ სხიპი – „სომხეთის ნაკრები ცოტა ხნის წინ ჩავიბარე, მხოლოდ ერთი შეკრება მოვასწარით. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს მომზადებულნი შევხვდეთ.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერია და სხვა საფეხურზეა, რაც შეეხება მიზანს, გვსურს, წინსვლა გავაგრძელოთ და ის გზა გავიაროთ, რომელმაც საქართველოს ნაკრებს წარმატება მოუტანა.

რა თქმა უნდა, დიდი ანგარიშით წაგება გუნდში არსებულ ატმოსფეროზე საუკეთესოდ არ მოქმედებს, მაგრამ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს – გუნდში ცუდი გარემო არ არის“.

ენტონი ტეილორი

ინგლისელი არბიტრი

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების საპასუხო შეხვედრას 46 წლის ინგლისელი არბიტრი ენტონი ტეილორი განსჯის, რომელსაც თანამემამულეები – გარი ბესვიკი და ადამ ნანი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი რობერტ ჯონსი იქნება, ხოლო ვიდეორეფერებიდარონ ინგლენდი და სტიუარტ ეტველი.

ენტონი ტეილორს აქამდე საქართველოს ნაკრების ორ მატჩზე უმუშავია – ინგლისელმა არბიტრმა განსაჯა თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი, ხოლო 2019 წლის 23 მარტს, ასევე თბილისში, საქართველო-შვეიცარიის (0:2) შეხვედრაში მეოთხე მსაჯი იყო.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას B დივიზიონში გაატარებს. ერევანში დამაჯერებელი გამარჯვების (3:0) შემდეგ საქართველოს ნაკრებს ამის უდიდესი შანსი აქვს.