ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხიდის ინციდენტში მონაწილეობდა და გიორგი შაქარაშვილის გაქცევას ან იქ ყოფნას არ ადასტურებს
ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხიდის ინციდენტში მონაწილეობდა და გიორგი შაქარაშვილის გაქცევას ან იქ ყოფნას არ ადასტურებს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მოწმის, თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხიდის ინციდენტში მონაწილეობდა. ადვოკატის თქმით, ინციდენტამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფს წვეულებაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც რამდენიმე მეგობართან ერთად ტერიტორია დატოვა და თბილისისკენ გაემართა.

როგორც ფოფხაძე ამბობს, ამის შემდეგ მათ წვეულებაზე მყოფმა ორმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ ფიზიკურად უსწორდებოდნენ და დახმარება სთხოვა. ადვოკატის თქმით, ამ ზარის შემდეგ ისინი კვლავ უკან, წვეულებაზე გაბრუნდნენ, რა დროსაც გზაში შეხვდათ ის პირები, რომელთაც აგარაკზე განერიდნენ. ადვოკატის თქმით, ამ დროსაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. თუმცა, მისივე ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თენგო ბარბაქაძე ამბობს, რომ შაქარაშვილი არც ამ ინციდენტში და არც წვეულებაზე მომხდარში არ მონაწილეობდა.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომობილში მსხდომი ყველა პირი წვეულებაზე იმყოფებოდა.

„თენგო ბარბაქაძე დაკითხული იყო გამოძიების მიერ და დღეს მისი გამოკითხვა არ მომხდარა. ხიდის ინციდენტის ირგვლივ დღეს დავათვალიერეთ ჩანაწერები, რაც შესაბამისად დაოქმდა. ის მონაწილეობდა აღნიშნული ხიდის ინციდენტში. ჩხუბი მოხდა, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის. არ იყო არანაირი ხელკეტები, იყო უბრალოდ ჩხუბი, თუმცა ნათლად არ ჩანს არაფერი, ვინაიდან, სიბნელე იყო. ჩხუბი არ იყო ისეთი, რომ მაგალითად ვინმე დაზიანებულიყო. არ ჩანს ჩხუბის მომენტი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს და ჩანაწერებში არ ჩანს, რომ შაქარაშვილი იქ იმყოფებოდა. „მერსედესის“ ავტომობილით იყო ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც მივიდა და შესაბამისად, შაქარაშვილის გაქცევის ან იქ ყოფნის მომენტი არ დასტურდება.

უკან დაბრუნდა იმიტომ, რომ ავტომობილი ჰყავდათ აგარაკზე დატოვებული, მერე კიდე ორი პირი იყო დარჩენილი, რომელიც იყო წამოსაყვანი და იმათ გამოუარეს. თენგოსაც აქვს დაზიანებები. ალბათ ამ დაპირისპირების დროს აქვს მიღებული. წვეულებაზე მას მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. არ იცის, ვინ მიაყენა. იქ უშუალოდ ჩხუბში არ მონაწილეობდა, გამოვიდა ხმაურზე, ქეჩოში მოკიდეს და გაათრიეს, მის სიტყვებს ვციტირებ. შემდგომ მან სასწრაფოდ დატოვა ის ადგილი, მეგობრებთან ერთად ჩაჯდა მანქანაში და გაეცალა იმ ადგილას, რომ არ მომხდარიყო ჩხუბი. რომ ჩავიდა თბილისში, მეგობრებმა უთხრეს, რომ ჩვენ დავრჩით და გვირტყამენ, გთხოვთ, გვიშველეთო და მოაბრუნეს მანქანა და წავიდნენ მეგობრების წამოსაყვანად.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თენგოს ორი მეგობარი მიდიოდა ხიდზე, ხიდის შემდგომ 100 მეტრის დაშორებით ამოიცნეს ის ხალხი, ვინც მათ გაუსწორდნენ წვეულებაზე და უკვე იქაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. იქ იყვნენ მგონი, დაახლოებიით ექვსი ადამიანი. ღამე იყო, არ ჩანს, შაქარაშვილი იქ არ ჩანს და არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ადასტურებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან არ მომხდარა არც დარეკვა და არც არავის წამოყვანა, ანუ ყველა ამ მანქანაში მსხდომი პირი წვეულებაზეც იყო და შემდგომ მობრუნდნენ ორი მეგობრისთვის და წაიყვანეს.

ექსპერტიზაზე ვიყავით და ველოდებით პასუხებს, დაზიანებები აღენიშნება ფეხზე და ხელზე. თენგო ადასტურებს რომ შაქარაშვილი წვეულებაზე იყო, იმასაც ადასტურებს რომ ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და არც კი გამოსულა. ამ დაპირისპირებაში მას არ დაუნახავს არც შაქარაშვილი და არც მისი მეგობარი“,- აცხადებს ადვოკატი გიორგი ფოფხაძე.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.