ეროვნულმა ბანკმა ვახტანგ გორგასლისა და გიორგი ბრწყინვალეს თემებზე საკოლექციო ვერცხლისა და ოქროს მონეტების გამოსაშვებად დაიწყო მუშაობა
საქართველოს ეროვნული ბანკი სამი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე: მეფე ვახტანგ I გორგასალი და მეფე გიორგი V ბრწყინვალე სერიიდან „საქართველოს მეფეები“.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საკოლექციო სერია „საქართველოს მეფეებისთვის“ შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც ქვეყნის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. სერია წარმოაჩენს ქვეყნის საერთო სოციო-პოლიტიკურ თუ ზოგად კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს, ხაზს უსვამს იმ გამორჩეულ ეტაპებს, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით, ქართული ეროვნული ვალუტა კიდევ ერთხელ უწყობს ხელს ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მუშაობა მეფე ვახტანგ I გორგასლისა და გიორგი V ბრწყინვალეს თემებზე საკოლექციო დანიშნულების ხუთი ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების გამოსაშვებად და აცხადებს ესკიზების შესარჩევ კონკურსს.
საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.