ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში ჯეიმს აპატურაისთან კიბერუსაფრთხოების თემაზე მომუშავე უწყებების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი ეწვია.
ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, უცხოელ სტუმარს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა უმასპინძლა.
„საბჭოს აპარატში ჯეიმს აპატურაისთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის თემაზე მომუშავე უწყებების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით ჩართული უწყებების, კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი და ნატო-ს წარმომადგენელი კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით, სტაშა ნოვაკი.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ ჯეიმს აპატურაის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ასევე, მისი აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმასა და მის ძირითად კომპონენტებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკვე დამტკიცებული კონცეპტუალური დოკუმენტის – კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის საკითხი. გიორგი ღიბრაძემ სტუმრებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე უწყებების საქმიანობა და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო“, – აცხადებენ უწყებაში.
უსაფრთხოების საბჭოს ცნობით, მხარეები კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
„აღსანიშნავია, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოება საქართველოსთან არსებული თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ქვეყნის მედეგობის შემდგომ გაძლიერებას“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.