ეროვნული უმცირესობების საკითხზე მომუშავე არასამთავრობოები თხოვნით მიმართავენ საპარლამენტო ფრაქციებს, მხარი დაუჭირონ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას
ეროვნული უმცირესობების საკითხზე მომუშავე არასამთავრობოები თხოვნით მიმართავენ საპარლამენტო ფრაქციებს, მხარი დაუჭირონ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას

ეროვნული უმცირესობების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალებიან სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად იზაბელა ოსიპოვას წარდგენას.

ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული უმცირესობების თემატიკის მიმართ არ აღმოჩნდა მხოლოდ დეკლარირებული და გამყარდა სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უფლებადამცველისა და ჟურნალისტის ქალბატონ იზაბელა ოსიპოვას წარდგენით.

„ეროვნული უმცირესობების თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამოქალაქო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არაერთხელ მივმართეთ სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას. აღნიშნულ მიმართვებში ყურადღება გავამახვილეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის გაზრდის, სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში მედიის როლის გაუმჯობესებისა და მასში ეროვნული უმცირესობების უშუალო მონაწილეობის აუცილებლობაზე.

ეროვნული უმცირესობების თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მჭიდროდ და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ საქართველოს სახალხო დამცველთან და დადებითად ვაფასებთ სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების უშუალო მონაწილეობის პრობლემატიკისადმი საგანგებო ყურადღებას.

სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ „კვლავ გამოწვევად რჩება ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში ისე დედაქალაქის მერიასა და საკრებულოში“….“ეროვნული უმცირესობები არ არიან წარმოდგენილი არც ერთ მარეგულირებელ კომისიაში (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია) და არც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში“.

მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული უმცირესობების თემატიკის მიმართ არ აღმოჩნდა მხოლოდ დეკლარირებული და იგი გამყარდა სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უფლებადამცველისა და ჟურნალისტის ქალბატონ იზაბელა ოსიპოვას წარდგენით.

ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ვადასტურებთ ჩვენ ღრმა პატივისცემას სახალხო დამცველის მიმართ და მივიჩნევთ, რომ ჩვენ ქვეყნაში დემოკრატიული პროცესის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან სახალხო დამცველის მხარდაჭერა, ხოლო სახელმწიფო უწყებების მხრიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარება“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს მეტი ყურადღება გამოიჩინონ ეროვნული უმცირესობებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემატიკის მიმართ, რათა საერთო ძალისხმევით უმოკლეს დროში გადავლახოთ აღნიშნულ სფეროში არსებული სირთულეები.

„ამასთან ერთად, თხოვნით მივმართავთ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას, პარლამენტში შემავალ ყველა ფრაქციის წარმომადგენელს, მხარი დაუჭირონ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას. ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალზედ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ერთსულოვნების გამოხატვა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა დღეს წარადგინა.