სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარადგინა
სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, წლების განმავლობაში, საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშებში სახალხო დამცველი რეკომენდაციას გასცემდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში თუ სხვა წარმომადგენლობით ორგანოებში ეროვნული უმცირესობების კანდიდატის ყოფნის საჭიროებასთან დაკავშრებით და ხაზს უსვამდა მათი ინტეგრაციის მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატი იზაბელა ოსიპოვა თავად წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობას. მისი კანდიდატურა ერთხმად იყო მხარდაჭერილი საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გაბედული და პრინციპული საქმიანობის. კარგად იცნობს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ გამოწვევებს, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკური თემის წინაშე დგას და მზად არის მათი ინტერესების დასაცავად.

„აღსანიშნავია, რომ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა არ ყოფილა მხარდაჭერილი არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ და შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არაპარტიული მხარდაჭერისა და მრავალეთნიკური სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე კანდიდატის დასახელება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ეროვნული უმცირესობების ჩართულობის უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭირონ სახალხო დამცველის კანდიდატ იზაბელა ოსიპოვას. ასევე აღნიშნავს, რომ კონკურსში არაერთი ღირსეული კანდიდატი იღებს მონაწილეობას და იმედს გამოთქვამს, რომ ბორდთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებელი უახლოესი ექვსი წლის განმავლობაში სრულად უპასუხებს სხვადასხვა ეთნიკური, პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა ჯგუფების მოთხოვნებს და ინტერესებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.