ეროვნული საფეხბურთო ლიგის სიახლეები | „ტორპედომ“ ამხანაგური მატჩები დაგეგმა, გიორგი ჭიაბრიშვილი ბათუმის „დინამოში“ რჩება #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ქუთაისის „ტორპედო“ 16 იანვარს შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს თბილისში დაიწყებს.
18 იანვრიდან გუნდი მზადებას ქუთაისში, განახლებულ საწვრთნელ ბაზაზე გააგრძელებს. 24 იანვარს ქუთაისში პირველი ამხანაგური მატჩი დაიგეგმა – „ტორპედო“ წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება. 8-20 თებერვალს „ტორპედო“ კვიპროსში გაემგზავრება და მეორე შეკრებას ჩაატარებს, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩსაც გამართავს.
12 თებერვალს ქუთაისელების მეტოქე დანიური „ლუნგბიუ“ იქნება, 15 თებერვალს კი სომხეთის ჩემპიონატის ლიდერს, „არარატ-არმენიას“ დაუპირისპირდებიან. 18 თებერვალს გასამართი მატჩის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
ახალი სეზონისთვის მზადება ასევე დაიწყო ბათუმის „დინამომ“. 2026 წლის პირველი ვარჯიში ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო ცენტრში გაიმართა.
ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჭიაბრიშვილი რჩება გუნდის მთავარი მწვრთნელის როლში – პირველ დღეს მისი ხელმძღვანელობით 27 ფეხბურთელმა ივარჯიშა.
21 იანვრამდე „დინამო“ მზადებას ბათუმში გააგრძელებს, შემდგომ კი გუნდი ერთთვიან საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება. ჯერ კლუბი ფიფა-ს მიერ დაწესებული სატრანსფერო შეზღუდვის გამო ფეხბურთელებს ვერ იმატებს.