ეროვნული საფეხბურთო ლიგის სიახლეები | „ტორპედო“ და „სამგურალი“ სპორტულმა დირექტორებმა დატოვეს #1TVSPORT
საბა კვირკველია ქუთაისის „ტორპედოში“ აღარ ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, თუმცა კარიერას სხვაგან გააგრძელებს. დარჩება საქართველოში, თუ უცხოეთში გადაინაცვლებს, ჯერ უცნობია.
ქუთაისის „ტორპედო“ ასევე დატოვა შოტლანდიელმა სპორტულმა დირექტორმა, სტივ კინმა, რომელიც მანამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო და ლეგიონერების მოზიდვაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა.
ცვლილებები მოხდა წყალტუბოს „სამგურალშიც“ – სპორტული დირექტორის პოსტი გიორგი ნერგაძემ დატოვა. მხარეებს შორის კონტრაქტის ვადა ამოიწურა და თანამშრომლობა დასრულდა. 43 წლის სპეციალისტი წლების განმავლობაში კლუბის სტრუქტურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
წყალტუბოელები გუნდის კაპიტანს, დემურ ჩიხლაძესაც დაემშვიდობნენ. ფეხბურთელმა „სამგურალში“ 8 სეზონი გაატარა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს. გუნდი ასევე დატოვეს მეკარე ნოდარ ყალიჩავამ და ბრაზილიელმა მცველმა, ფერნანდო ბულიმ, ხოლო საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კანდიდატს, თემურ გოგნაძეს იჯარის ვადა ამოეწურა.
პარალელურად, „სამგურალმა“ მომდევნო სეზონისთვის დაკომპლექტება დაიწყო და აზერბაიჯანული „კიაფაზიდან“ ოთარ აფციაური დაიმატა. „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილ 24 წლის ნახევარმცველთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. აფციაური 2023-2025 წლებში თბილისის „დინამოსა“ და „გაგრაში“ თამაშობდა, ხოლო აზერბაიჯანში მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა.