ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „სპაერმა“ გაგრა“ დაამარცხა, თბილისის „დინამომ“ „რუსთავს“ მოუგო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში ორი შეხვედრა გაიმართა, ორივე თბილისში, და ამით მე-12 ტური დასრულდა.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „რუსთავმა“ „დინამო თბილისი“ მიიღო და სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი შეხვედრა 2:3 დათმო. თბილისელები პირველ ტაიმში ორჯერ დაწინაურდნენ – აბდულაი იორომ (2) და რუი მონტეირუმ (38) გაიტანეს, თუმცა „რუსთავმა“ იუტა ნაკანოს (24) და ჯექსონ კენიოს (40) გოლებით წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა.
თუმცა მესამედ ნომინალურმა მასპინძლებმა პასუხის გაცემა ვეღარ მოახერხეს – „დინამო“ 55-ე წუთზე მათე ვაწაძის ეფექტური „მაკრატელათი“ ისევ წინ გაიჭრა და თემურ ქეცბაიას გუნდს გამარჯვება მოუტანა.
„სპაერმა“ „მიხეილ მესხი არენაზე“ „გაგრას“ 3:0 სძლია. ანგარიში 44-ე წუთზე გიორგი ბუნტურმა გახსნა, 72-ე წუთზე გიორგი ცეცხლაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიგა სამხარაძემ პენალტით დააფიქსირა.
წაგების მიუხედავად, 12 ტურის შემდეგ „რუსთავი“ 19 ქულით მეორე ადგილზე დარჩა, „დინამო თბილისი“ (18) კი მეოთხე პოზიციაზეა. „სპაერი“ (15) მეექვსეა, ხოლო „გაგრა“ (10) – მეცხრე.