ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „იბერიამ“ ძაგანიას გოლით მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა, ფოთის „კოლხეთი“ უმაღლეს დივიზიონს დაემშვიდობა #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „იბერიამ“ ძაგანიას გოლით მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა, ფოთის „კოლხეთი“ უმაღლეს დივიზიონს დაემშვიდობა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტურში დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ლიგიდან გავარდნილი გუნდების ვინაობა გაირკვა.

ქუთაისის „ტორპედომ“ „კოლხეთი“ დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა და ფოთელებს ეროვნულ ლიგაში დარჩენის თეორიული შანსიც გადაუწურა. გოლები პაატა ღუდუშაურმა (5), კომნენ ანდრიჩმა (39), ბიორნ იონსენმა (52) და ლადო მამუჩაშვილმა (74) გაიტანეს.

მეორეადგილოსანმა გორის „დილამ“ „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა, დეო ბასინგას (14) და აბუბაქარ კონტეს (41) გოლებით 2:1 გაიმარჯვა და საჩემპიონო ბრძოლას კვლავ აგრძელებს. სტუმართაგან თავი ირაკლი ჯანჯღავამ (90+1) გამოიჩინა.

ლიდერმა „იბერიამ“ „მიხეილ მესხი არენაზე“ „დინამო თბილისი“ მიიღო და მიზანს 81-ე წუთზე მიაღწია. ნიკა ხორხელის დარტყმული ბურთი მეკარე გიორგი ლორიამ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ამირან ძაგანიამ ანგარიში გახსნა.

სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „კოლხეთმა“ კონკურენტების დაწევის თეორიული შანსიც დაკარგა და ახალი სეზონიდან ლიგა 2-ში ითამაშებს. „იბერიამ“ 74 ქულა დააგროვა „დილას“ მსგავსად, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ლიდერობა შეინარჩუნა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ქუთაისის „ტორპედომ“ (59) „დინამო თბილისს“ (55) 4 ქულით გადაუსწრო.