ეროვნული საფეხბურთო ლიგა | დებიუტანტმა „მეშახტემ“ „დილა“ დაამარცხა, „სამგურალისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგა | დებიუტანტმა „მეშახტემ“ „დილა“ დაამარცხა, „სამგურალისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

ტყიბულის „მეშახტე“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონს, გორის „დილას“ ესტუმრა და ეროვნულ ლიგაში ისტორიული პირველი გამარჯვება იზეიმა – 1:0.

„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩის ბედი 68-ე წუთზე გადაწყდა. დიმა ღურწკაიას გადაცემის შემდეგ გამოცდილმა ირაკლი სიხარულიძემ კარში ზუსტად დაარტყა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ლადო ბურდულის გაწვრთნილმა „მეშახტემ“ 4 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო გორის „დილამ“, ყველასათვის მოულოდნელად, ჯერ ქულაც ვერ მოიპოვა და ბოლო, მე-10 ადგილზე იმყოფება.

წყალტუბოს „სამგურალმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა – 1:1.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და 27-ე წუთზე ცენტრალური მცველის, ლუკა ქაფიანიძის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე ველისოლის ზუსტი დარტყმით შეძლეს.

„სამგურალმა“ მიმდინარე სეზონში სამივე შეხვედრა ჩაატარა და 5 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო ბათუმის „დინამო“ 2 ქულით მე-7 პოზიციაზეა.