ეროვნული საფეხბურთო ლიგა | ბათუმის „დინამომ“ სეზონში პირველად მოიგო, „ტორპედომ“ „გაგრას“ სძლია #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში სამი შეხვედრა გაიმართა და მე-5 ტური ამით დასრულდა. ბათუმის „დინამომ“ გათამაშების ლიდერი „სპაერი“ 4:1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი პირველ ტაიმში სწრაფად დაწინაურდა – დმიტრი მანდრიჩენკომ დუბლი შეასრულა (11, 14), ნიკა კალანდარიშვილმა კი ანგარიში (4) გახსნა. მართალია, ლიდერ „სპაერს“ საბა გეგიაძის (31) გოლის შემდეგ თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდა, მაგრამ უერდი მარამ (57) სტუმართა კარი მეოთხედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ქუთაისის „ტორპედომ“ „რამაზ შენგელია არენაზე“ იმერულ დერბიში ტყიბულის „მეშახტე“ მიიღო და 3:0 სძლია. გოლები დიეგო დეისაძემ (17), გიორგი არაბიძემ (51) და ფელიპე პირესმა (58) გაიტანეს. პირველი ორი გოლი გუნდის კაპიტნის, ლადო მამუჩაშვილის გადაცემით გავიდა.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „გაგრამ“ მოქმედ ჩემპიონს, თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ანგარიში „იბერიის“ ნახევარმცველმა, ბაქარ ქარდავამ (9) გახსნა, რასაც მალე დავით მუჯირმა (45+1) უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, თუმცა თბილისელებმა გამარჯვება გურამ გოშთელიანის (69) ზუსტი დარტყმით მოიპოვეს.