ეროვნული ლიგის სამივე ბომბარდირი უცხოეთში წავიდა - მარუშიჩი უზბეკეთში ჩოგაძესთან და ჯიღაურთან ერთად ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში ზორან მარუშიჩი, ჯოვინო ფლამარიონი და ზურაბ მუსელიანი 17-17 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირები გახდნენ. ახალი სეზონიდან სამივე მათგანი უცხოეთში ითამაშებს – ფლამარიონი ფრანგულ „ვალანსიენში“ ჩაირიცხა, მუსელიანი სამხრეთ კორეის მეორე ლიგის „ჩონნამში“ გადავიდა, მარუშიჩმა კი უზბეკეთის ჩემპიონატში მოასპარეზე „ნასაფთან“ გააფორმა კონტრაქტი, სადაც მასთან ერთად თემურ ჩოგაძე და ჯაბა ჯიღაური ითამაშებენ.
სერბმა თავდამსხმელმა „ნასაფთან“ ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მარუშიჩი კარიერის განმავლობაში თამაშობდა სერბეთის, ბელარუსის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს ჩემპიონატებში.
მარუშიჩის თანაგუნდელი გახდა თემურ ჩოგაძეც – 25 წლის ნახევარმცველმა გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჩოგაძე თამაშობდა საქართველოს, უკრაინისა და ყაზახეთის გუნდებში. ბოლოს ის ყარაღანდის „შახტიორის“ ფეხბურთელი იყო. მარუშიჩსა და ჩოგაძეს „ნასაფში“ საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური დახვდება.
უზბეკეთში გადავიდა ყარაღანდის „შახტიორის“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ანტონ თოლორდავა – 27 წლის ცენტრალური მცველი უზბეკეთის სუპერლიგაში გადასულ სამარყანდის „დინამოში“ ითამაშებს. თოლორდავამაც ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. „თელავის“ ყოფილ კაპიტანს უთამაშია ესტონურ „ლევადიაში“ (ესტონეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა) და სერბულ ნიშის „რადნიჩკიში“.