ეროვნული ლიგის მსაჯების შეკრება - ჯუნეტ ჩაქირი საერთო დონით და ფიზიკური მომზადებით დაინტერესდა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ახალი მენეჯერის, ჯუნეტ ჩაქირის ხელმძღვანელობით, ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯების შეკრება გაიმართა, – ინფორმაციას სფფ-ს პრესსამსახური ავრცელებს.
შეკრება ხუთი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარეობდა და შედგებოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. ჩატარდა VAR-ის სიმულაციებიც.
ეროვნულ ლიგაში მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემა 2022 წლიდან შერჩეულ მატჩებზე გამოიყენება, 15 სექტემბრიდან კი VAR-ი ყველა შეხვედრაზე ხელმისაწვდომი იქნება.
„თითოეულმა არბიტრმა შეკრებაზე კარგად იმუშავა. თეორიულ სესიებზე განხილული საკითხები პრაქტიკულ წვრთნებზე ვიდეორეფერის სისტემის ჩართულობით დავამუშავეთ. დიდ ყურადღებას ვაქცევდით გუნდურ მუშაობას და თამაშის მართვას. VAR-ის პროტოკოლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო. ვცადეთ, ჩამოგვეყალიბებინა თამაშის აღქმის საერთო სტანდარტი.
მთავარი მიზანი მსაჯების დონის გაგება და შემდეგი პროგრამის სუსტ თუ ძლიერ მხარეებზე ფოკუსირება გახლდათ. აქცენტი გაკეთდა არბიტრების ფიზიკურ მომზადებაზეც. გვსურს, მათ ფიზიკური მომზადების დონე გაზარდონ, რაშიც ფეხბურთის ფედერაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს და ყოველ ნაბიჯზე მათგან დიდი მხარდაჭერა გვქონდა.
კმაყოფილი ვარ ჩვენი მსაჯების შრომითა და ძალისხმევით. მათი ღვაწლი დასაფასებელია, ასევე გვჭირდება გუნდის ახალი წევრები. ვიწვევთ სტუდენტებს, ფეხბურთელებს, ფეხბურთის მოყვარულებს, რათა გახდნენ ჩვენი ოჯახის წევრები“, – ამბობს ჯუნეტ ჩაქირი.