ქართველ მსაჯებს ჯუნეთ ჩაქირი უხელმძღვანელებს - მან საქართველოს თასის ფინალი და ბელარუსთან ერთა ლიგის მატჩი განსაჯა #1TVSPORT
ქართველ მსაჯებს ჯუნეთ ჩაქირი უხელმძღვანელებს - მან საქართველოს თასის ფინალი და ბელარუსთან ერთა ლიგის მატჩი განსაჯა #1TVSPORT

ქართული ფეხბურთის სამსაჯო კომიტეტს თურქი მსაჯი – ჯუნეთ ჩაქირი უხელმძღვანელებს, მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ პოზიციაზე მალე წარადგენს, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

46 წლის არბიტრმა 2020 წლის 8 ოქტომბერს თბილისში, „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა იმსაჯა. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს უეფა-მ VAR–ის სისტემა საქართველოში პირველად გამოიყენა.

ჩაქირიმ ფიფა-ს არბიტრის სტატუსი 2006 წელს მიიღო. უმსაჯია ევროპის ჩემპიონატი (2012), სადაც მოემსახურა ნახევარფინალურ მატჩს პორტუგალიასა და ესპანეთს შორის. 2015 წლის 6 ივნისს თურქმა არბიტრმა განსაჯა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ შეხვდა (3:1 ესპანელების სასარგებლოდ) და გახდა პირველი თურქი მსაჯი, რომელსაც უეფა-მ ამ დონის მატჩი მიანდო.

ჯუნეთ ჩაქირიმ 2007 წელს საქართველოს თასის ფინალი განსაჯა. ეს იყო საქართველოს თასის ფინალების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც გადამწყვეტ შეხვედრას უცხოელები გაუძღვნენ. ინიციატივა პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელებს (პრეზიდენტი – დიმიტრი რამიშვილი, გენერალური მდივანი – პაატა ბურჯალიანი) ეკუთვნოდათ.

მაშინ ტურნირს ასე ეწოდებოდა – „საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის „ყაზბეგის“ გათამაშება“. ფინალი 26 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და თბილისის „ამერმა“ „ზესტაფონი“ დიმიტრი ტატანაშვილის მიერ 61-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.

ამ მატჩის დელეგატი, პროფლიგის ყოფილი გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი საქართველოს პირველ არხთან იხსენებდა, რომ მაშინ ჯუნეთ ჩაქირი 30 წლის გამოუცდელი არბიტრი იყო და პირველი ფინალი სწორედ საქართველოში იმსაჯა.