ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ ლიგაში ახალი საფეხბურთო სეზონი „ბათუმი არენაზე“ გაიხსნა. ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ ლიგაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ბათუმელები სწრაფად დაწინაურდნენ. გიორგი წიტაიშვილის დარტყმული ბურთი „კოლხეთის“ მეკარემ მოიგერია, რის შემდეგაც გაბრიელ რამოსმა კარის წინ ონორე გომისი მონახა და სენეგალელმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა. სეზონის პირველი ყვითელი ბარათიც ბათუმელების ანგარიშზეა, 58-ე წუთზე არბიტრმა ალეფ სანტოსი გააფრთხილა.
ლიგაში დაბრუნებული „კოლხეთი“ ჩემპიონს არ შეუშინდა და გაშვებული გოლის შემდეგ თამამად უტევდა. დავით კვირკველიას გუნდმა პირველ ტაიმში ორი სახიფათო მომენტი შექმნა. კვირკველიას გუნდი მეორე ტაიმშიც აქტიურობდა. მწვრთნელმა შეტევის კიდევ უფრო გაძლიერებაც სცადა და მოედანზე ვატო არველაძე შეიყვანა.
საბოლოოდ ბათუმის „დინამომ“ მინიმალური უპირატესობა შეინარჩუნა და სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
პირველი ტურის დარჩენილი მატჩები 2 და 3 მარტს გაიმართება:
შაბათი, 2 მარტი:
„იბერია 1999“ – „თელავი“
18:00. დავით პეტრიაშვილი – თბილისი
„დინამო თბ“ – „სამგურალი“
19:00. დინამო არენა – თბილისი
„ტორპედო“ – „სამტრედია“
20:00. რამაზ შენგელია – ქუთაისი
კვირა, 3 მარტი
„დილა“ – გაგრა“
18:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი