ეროვნული ლიგა | „ტორპედომ“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „ტორპედომ“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

„რამაზ შენგელია არენაზე“ შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო, დინამიკური გამოდგა, მაგრამ ორივე გუნდის დაცვა საიმედოდ თამაშობდა და მეტოქეებს მომენტების შექმნა უჭირდათ.

ქუთაისელებს სამი ლიდერი არ ჰყავდათ: გიორგი არაბიძე და მერაბ გიგაური მატჩს ტრავმის გამო ტოვებდნენ, ხოლო გია მანჯგალაძე დისკვალიფიცირებული იყო. ამის მიუხედავად, „ტორპედომ“ თამაში კარგად ჩაატარა და პირველ ტაიმში დაწინაურდა – 28-ე წუთზე ანგარიში ელიტონ ჟუნიორმა შორეული ეფექტური დარტყმით და ლამაზი გოლით გახსნა.

შესვენების შემდეგ თამაშის მსვლელობაში კორექტივი მსაჯის გადაწყვეტილებამ შეიტანა – 62-ე წუთზე „ტორპედოს“ ნახევარმცველ ლაშა შერგელაშვილთან უხეშობისთვის ბათუმელთა კაპიტანს, მამუკა კობახიძეს წითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

10 კაცით დარჩენილმა ჩემპიონმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. შედეგის მიუხედავად, 14 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 23 ქულით ეროვნულ ლიგაში მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა, ბათუმის „დინამო“ (27) კი მესამე ადგილზეა.