ეროვნული ლიგა | „სამგურალმა“ გასვლით მატჩში „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალი“ ეროვნულ ლიგაში „გაგრას“ ესტუმრა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა – 2:0.
„პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში სტუმრებმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნეს – „გაგრის“ კარი კუთხურის გათამაშების შემდეგ ზუსტი თავური დარტყმით ვინისიუსმა აიღო და „სამგურალმა“ ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო.
შესვენების შემდეგ წყალტუბოელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. 65-ე წუთზე შესანიშნავად ითამაშა ლუკა ხორხელმა, გადაცემა ჩაჭრა, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და მეკარესთან პირისპირ დავით მუჯირი დატოვა, რომელმაც საბოლოოდ ანგარიში დააფიქსირა 2:0.
ეროვნულ ლიგაში გამართული 4 ტურის შემდეგ „სამგურალი“ 6 ქულით მე-3 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „გაგრა“ (1) ბოლო, მე-10 პოზიციაზეა.