ეროვნული ლიგა | ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული საფეხბურთო ლიგის მატჩში „გაგრას“ უმასპინძლა და დაძაბულ, სანახაობრივ შეხვედრაში 2:1 გაიმარჯვა.

„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ დაპირისპირებამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს „ტორპედოს“ აღზრდილის, ტრაგიკულად გარდაცვლილი 15 წლის ბექა წვერავას ხსოვნას.

გერმანელი მწვრთნელის, დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით მოთამაშე ქუთაისელებმა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი შეხვედრა ჩაატარეს და 28-ე წუთზე ბიორნ იონსენის ლამაზი გოლით დაწინაურდნენ.

შესვენების შემდეგ „გაგრა“ საგრძნობლად გააქტიურდა და სახიფათო მომენტები შექმნა. ორი მეტრიდან ნიკა კაჭარავას ძლიერი დარტყმა ქუთაისელთა მეკარემ, ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია. საპასუხო შეტევაში მასპინძლებიც სახიფათონი იყვნენ — ბიორნ იონსენის დარტყმის შემდეგ „გაგრას“ მეკარემ, რამან სტიაპანაუმ, თავისი გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

„გაგრას“ შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო. ლევან გეგეჩკორის გადაცემას ვანდერსონ სილვამ თავური დარტყმით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. მალევე, მათე ცინცაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ, მასპინძლები ძელმა იხსნა.

აღსანიშნავია, რომ მთავარმა არბიტრმა „ტორპედოს“ სასარგებლოდ დანიშნული პენალტი ორჯერ გააუქმა. თუმცა მასპინძლებმა მიზანს მაინც მიაღწიეს — 89-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ საჯარიმო ზონიდან ზუსტად და ძლიერ დაარტყა, რითიც ქუთაისელებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ამ გამარჯვებით „ტორპედომ“ 12 ქულა დააგროვა და ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილზე გადავიდა, ხოლო „გაგრა“ 10 ქულით მე-8 პოზიციაზე დაქვეითდა.