ეროვნული ლიგა – ორი „დინამოს“ მატჩში სამი მოთამაშე გააძევეს, „სამტრედიას“ მხოლოდ პლეი ოფში თამაშის შანსი დარჩა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 34-ე ტური ორი მატჩით დაიწყო – ორი „დინამოს“ შეხვედრა ბათუმელებმა მოიგეს 2:1, ხოლო „სამტრედია“ გორის „დილასთან“ დამარცხდა 0:1.
თბილისელებმა ბათუმის „დინამოს“ „პაიჭაძე არენაზე“ უმასპინძლეს. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ბათუმელები ჯალენ ბლესამ (15) პენალტით დააწინაურა, ხოლო 18 წლის ნიკა დუმბაძემ (27) სადებიუტო გოლით პირველივე ტაიმში სტუმრები კომფორტული უპირატესობით დააწინაურა.
ახალგარზდული ნაკრების მცველმა, ნიკოლოზ უგრეხელიძემ 58-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „დინამომ“ თამაში ვერ გადაარჩინა. 75-ე წუთზე ჯალენ ბლესამ თბილისელთა მოთამაშეს თავი დაარტყა, რაზეც მათე ვაწაძემ ემოციები ვერ მოთოკა და ასეთივე „ილეთით“ უპასუხა – მსაჯმა ორივე მოედნიდან გააძევა.
დაძაბულობა მწვრთნელებსა და გულშემატკივრებსაც გადაედოთ. 90+7-ე წუთზე კი მეორე ყვითელი თბილისელთა ლეგიონერმა, ოსკარ სანტისმა იმიტომ მიიღო, რომ „მაკრატელას“ შესრულებისას მეტოქეს უნებლიეთ ფეხი სახეში მოარტყა და მასაც მოედნის დატოვება მოუხდა.

„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართგულ შეხვედრაში მასპინძლები ქულის მოპოვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ 90+4-ე წუთზე გორელების თავდამსხმელმა, ირაკლი ბუღრიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და „დილამ“ 3 ქულა მოიპოვა – 0:1.
34 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 52 ქულით მე-4 პოზიციაზეა, „დინამო თბილისი“ (39) – მეექვსეზე; „დილამ“ (65) მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ქუთაისის „ტორპედოს“ (64) გადაასწრო, ხოლო „სამტრედია“ (27) ბოლო პოზიციაზეა და უკეთეს შემთხვევაში პლეი ოფში თუ ითამაშებს.