ეროვნული ლიგა | მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელი ბიორნ იონსენი გახდა, მწვრთნელი – ლევან კორღალიძე #1TVSPORT

00:19, 31.05.2025

ბიორნ იონსენი საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, – ასეთია ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის შეფასება.

ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელმა პირველ წრეში ჩატარებულ 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა მეორე წრეში შედეგიანობა საგრძნობლად გააუმჯობესა — 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჯამში, ბიორნ იონსენს, რომელიც წინა სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 7 გოლი აქვს გატანილი. ამ შედეგით ის ბომბარდირთა დავაში მეოთხე-მეხუთე ადგილებს იკავებს ბათუმის „დინამოს“ შემტევ ჯალენ ბლესასთან ერთად.

მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად ლევან კორღალიძე აღიარეს. 43 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ მეორე წრეც შესანიშნავად ჩაატარა – 9 მატჩიდან 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და წაგება არ ჰქონია. გუნდმა ამ პერიოდში 21 ქულა დააგროვა, გატანილი და გაშვებული გოლების შეფარდება კი 14:7 იყო.

ამ წარმატებული სერიის შედეგად, „იბერიამ“, საერთო ჯამში, 44 ქულა დააგროვა და კონკურენტებთან, გორის „დილასა“ (38 ქულა) და „დინამო თბილისთან“ (30 ქულა) უპირატესობა გაზარდა.

საინტერესოა, რომ კორღალიძე საუკეთესო მწვრთნელად პირველ წრეშიც დაასახელეს.

მსგავსი