ეროვნული ლიგა | ფოთის „კოლხეთმა“ ბათუმის „დინამოსთან“ მოგება ხელიდან გაუშვა - „ტორპედოს“ ფეხბურთელმა, ალეკო ბასილაძემ ასისტებით ჰეთთრიქი შეასრულა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ფოთის „კოლხეთმა“ ბათუმის „დინამოსთან“ მოგება ხელიდან გაუშვა - „ტორპედოს“ ფეხბურთელმა, ალეკო ბასილაძემ ასისტებით ჰეთთრიქი შეასრულა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მესამე წრის ბოლო, 27-ე ტური დაიწყო. ფოთის „კოლხეთმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 2:2.

ფოთელებმა დაწინაურება პირველი ტაიმის ბოლოს მოახერხეს. „კოლხეთში“ საუკეთესო იყო გიორგი ხარებავა, რომელმაც 45+1-ე წუთზე ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა, ხოლო 47-ე წუთზე მისი გადაცემით მასპინძლების უპირატესობა ორამდე რომან პლუშჩიმ გაზარდა.

ბათუმელებმა შესვენების შემდეგ თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. სხვაობა მე-60 წუთზე გურამ ჯაფარიძემ შეამცირა, ხოლო 78-ე წუთზე მისი გადაცემით ლუკა წულუკიძემ გაიტანა და „დინამოს“ ქულა მოუტანა.

ქუთაისის „ტორპედო“ თბილისში საგარეჯოს „გარეჯს“ ესტუმრა და 3:1 სძლია. პირველი სამი გოლი ალეკო ბასილაძის გადაცემებით გავიდა. სტუმრები წინ კომნენ ანდრიჩმა 25-ე წუთზე გაიყვანა, ხოლო პაატა ღუდუშაურმა დუბლი შეასრულა (34, 44). საგარეჯოელთა ერთადერთი გოლი გიორგი გოგოლაშვილმა 60-ე წუთზე გაიტანა. მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ – თამაზ ცეცხლაძემ ორ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

27 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ (43) „დინამო თბილისს“ (42) გადაასწრო და მესამე ადგილზეა. ბათუმის „დინამო“ (36) მეხუთე პოზიციაზეა, „გარეჯი“ (24) მეცხრე ადგილზეა, ხოლო „კოლხეთი“ (19) კვლავ ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს.