ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამომ“ სეზონის პირველი ეტაპი მოგებით დაასრულა #1TVSPORT

23:23, 29.05.2025

ეროვნული ლიგის პირველი ნახევრის ბოლო ტურში შავიზღვისპირული დერბი გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა ფოთელებისთვის უიღბლოდ დაიწყო – მე-6 წუთზე „კოლხეთის“ მცველი აკაკი გიუნაშვილი ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს. ბათუმელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მე-40 წუთზე გიტის პაულაუსკასის მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდნენ.

შესვენების შემდეგ „დინამომ“ უპირატესობა სწრაფად გაზარდა – მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევისას რევაზ ინჯგიამ ბურთი მოჰამედ ფოფანას გადააწოდა, რომელმაც მცველს დაასწრო და ზუსტად დაარტყა.

ბათუმის „დინამომ“ 30 ქულით ეროვნული ლიგის პირველი ნახევარი მე-3 პოზიციაზე დაასრულა, ხოლო ფოთის „კოლხეთი“ (13) – მე-9 ადგილზეა.

ამ შეხვედრით ეროვნული ლიგის პირველი ეტაპი დასრულდა. ივნისში ოთხი ქართული გუნდი („იბერია“ ჩემპიონთა ლიგაზე, „დილა“, „ტორპედო“ და „სპაერი“ კონფერენს ლიგაზე) ევროთასებზე ითამაშებს, ხოლო საქართველოს ჩემპიონატი 2 აგვისტოს განახლდება.

მსგავსი