ეროვნული ლიგა 2 | „სიონმა“ და „რუსთავმა“ სეზონი მოგებით დაიწყეს – ლიგის დებიუტანტმა ფავორიტს ქულები წაართვა #1TVSPORT

20:35, 09.03.2025

ეროვნულ ლიგაში პირველი ტური დასრულდა. შეხვედრები საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა.

„სიონი“ – „მეშახტე“ 3:0

მარნეულის ცენტრალური სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ბოლნისელებმა უპირატესობა სწრაფად მოიპოვეს და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს. „სიონმა“ ტყიბულელების კარში სამივე გოლი პირველივე ტაიმში გაიტანა – თავი ლუკა ჩაგანავამ, დავით მაისაშვილმა და გიორგი გაფრინდაშვილმა გამოიჩინეს.

„რუსთავი“ – „მერანი“ (მარტვილი) 3:2

დაძაბაული გამოდგა სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართული დაპირისპირება. მარტვილელები ჯავოხირ ესონკულოვმა (21) დააწინაურა. რუსთაველები იუტა ნაკანოსა და ლევან წოწონავას დარტყმებით დაწინაურდნენ. „მერანმა“ გაიბრძოლა და ბაქარ ლაღაძის გოლით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ლევან კუტალიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და „რუსთავს“ მაინც მოაგებინა.

„სამტრედია“ – „იბერია 2“ 1:1

ეროვნული ლიგა 2-ის დებიუტანტმა თბილისის „იბერია 2“-მა გათამაშების ფავორიტს ქულები აართვა. სამტრედიაში გამართულ შეხვედრაში მასპინძლები სწრაფად დაწინაურდნენ – გოლი ერიკ ბარიოსმა გაიტანა, მაგრამ გურამ გოშთელიანმა 54-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. 79-ე წუთზე ბარიოსს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

მსგავსი