ეროვნული ლიგა 2 - „ლოკომოტივმა“ ბოლო ადგილს თავი დააღწია #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 - „ლოკომოტივმა“ ბოლო ადგილს თავი დააღწია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე წრე დასრულდა. მე-18 ტურის გამორჩეული ამბავი თბილისის „ლოკომოტივის“ გამარჯვება იყო, რომელმაც ბოლო ადგილს თავი დაააღწია, ხოლო „სიონმა“ უკანასკნელ ტურებში პოზიცია დათმო.

„სპაერი“ – „სიონი“ 2:0

„სპაერის“ სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლები კობა ქებურიამ (28) დააწინაურა, ხოლო 19 წლის საბა გეგიაძემ (84) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „სიონი“ ბოლო სამი ტურია ვერ იგებს და მეექვსე ადგილზეა.

„ლოკომოტივი“ – „მერანი თბ“ 5:2

რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა თბილისის „ლოკომოტივმა“ უშუალო კონკურენტი დიდი ანგარიშით დაამარცხა და მიმდინარე სეზონში ბოლო ადგილს თავი პირველად დააღწია. მატჩის გმირი „ლოკომოტივის“ 22 წლის ნახევარმცველი თორნიკე კურტანიძე გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი (27, 62, 74) შეასრულა და ლიგის ბომბარდირებს, დათა სიჭინავასა („კოლხეთი 1913“) და ლევან პაპავას („გარეჯი“) გაუთანაბრდა. თითო-თითო გოლი ლაშა მენთეშაშვილისა (1) და ლაშა ოზბეთელაშვილის (55) ანგარიშზეა, ორი საგოლე გადაცემა კი გეგი გეგუჩაძემ შეასრულა. „მერანიდან“ თავი იაგო დეისაძემ (45+3) და ზურაბ ღირდალაძემ (59) გამოიჩინეს.

„მერანი მრ“ – „დინამო-2 თბ“ 1:2

მარტვილში გამართულ შეხვედრაში თბილისელები რაულ ბარათელიასა და ჯადული იობაშვილის გოლებით ძალიან სწრაფად დაწინაურდნენ. მართალია, „მერანის“ 17 წლის თავდამსხმელმა, ანდრო ჯოლოხავამ (47) სხვაობა შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა თამაში ვეღარ გადაარჩინეს.

მე-18 ტურის დარჩენილი ორი მატჩი ხვალ, შაბათს, 10 ივნისს გაიმართება:

„კოლხეთი ხობი“ – „ვიტ ჯორჯია“
17:00. პაატა თათარიშვილი – ხობი
„გარეჯი“ – “კოლხეთი 1913“
17:00. ცენტრალური – საგარეჯო