ეროვნული ლიგა 2 | „ლოკომოტივის“ კაპიტანი ტურის მოთამაშეა – „რუსთავი“ სამეულში შევიდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-18 ტურის მატჩები გაიმართა, რითიც ტურნირის პირველი ნახევარი დასრულდა.
„გონიო“ გასვლაზე ბოლნისის „სიონთან“ ზურაბ ბერიძის (73) გოლით გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლნისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და თამაში გადაარჩინეს. მასპინძლებმა მიზანს 90+5-ე წუთზე ვარლამ კილასონიას გოლით მიაღწიეს.
ანალოგიური სცენარით განვითარდა „ბენდელას“ სტადიონზე გამართული „იბერია 2“-„სპაერის“ შეხვედრა – სტუმრები 84-ე წუთზე საბა გეგიაძის გატანილი გოლით იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა 90+3-ე წუთზე დავით გოგილაშვილის გოლით თამაში გადაარჩინეს და გათამაშების ლიდერს ქულები წაართვეს.
„ლოკომოტივმა“ აუტსაიდერი „დინამო-2 თბილისი“ 4:2 დაამარცხა და მე-6 ადგილზეა. მატჩის და ტურის საუკეთესო მოთამაშე გუნდის კაპიტანი ლუკა კეკელიძე (31, 88, 90+4) გახდა, რომელმაც ჰეთთრიქი შეასრულა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.
„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ „სამტრედიამ“ 30-ე წუთიდან 10 კაცით დარჩენილი ერთ-ერთი ლიდერი – მარტვილის „მერანი“ 4:1 დაამარცხა.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „რუსთავმა“ – გია ცეცაძის გუნდმა მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე კახაბერ კაკაშვილის მიერ მე-13 წუთზე გატანილი გოლით ტყიბულის „მეშახტეს“ 1:0 სძლია და მესამე ადგილზეა.