ეროვნული ლიგა 2 | ლიდერმა „სპაერმა“ ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო #1TVSPORT

00:00, 29.05.2025

ეროვნული ლიგა 2-ის მე-15 ტური წარმატებული აღმოჩნდა „გონიოსთვის“, რომელმაც ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში მარტვილის „მერანს“ დამაჯერებლად სძლია – 3:0. გოლები იგორ დუტრამ (45+1), კახა კახაბრიშვილმა (57) და გია აფხაზავამ (58) გაიტანეს.

„დინამო 2-მა“ თბილისში „სამტრედიას“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. დედაქალაქელები რაულ ბარათელიას (4) და ბექა ბურდიაშვილის (23) გოლებით დაწინაურდნენ, თუმცა სტუმართა მხრიდან არგენტინელმა ერიკ ბარიოსმა (27) და ბრაზილიელმა ალექსანდრო ფაისკამ (74) ანგარიში გაათანაბრეს და ქულა წაიღეს.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა ტყიბულის „მეშახტემ“, რომელმაც კაცნაკლულ „იბერია 2“-ს 85-ე წუთზე დიმა ღურწკაიას გოლით 1:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ იბერიელები 68-ე წუთიდან მოედანზე 10 კაცით თამაშობდნენ.

ორი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. „სპაერი“ შინ „რუსთავს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს ჯერ მეკარე ბუხუტი ფუტკარაძე (43), შემდეგ კი გიგა წურწუმია (62) გაუძევეს, ლიდერმა ქულის გადარჩენა მაინც შეძლო. ქულები გაიყვეს „ლოკომოტივმა“ და ბოლნისის „სიონმაც“.

მე-15 ტურის შედეგები:

„გონიო“ 3:0 „მერანი“ (მარტვილი)

„დინამო 2“ (თბილისი) 2:2 „სამტრედია“

„მეშახტე“ (ტყიბული) 1:0 „იბერია 1999-2“

„სპაერი“ 0:0 „რუსთავი“

„ლოკომოტივი“ 0:0 „სიონი“ (ბოლნისი)

მსგავსი