ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართა. ეს ლიდერებისთვის უიღბლო დღე იყო – სამეულიდან ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიგო.
„დინამო 2“ (თბილისი) – „სიონი“ 4:2
ეს იყო პირველი მატჩი „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე მას შემდეგ, რაც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის განახლდა. ანგარიში დინამოელმა ნიკოლოზ უგრეხელიძემ (13) გახსნა. „სიონმა“ ანდრია დევდარიანის (25) გოლით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ თბილისელები ჯადული იობაშვილმა (41) ისევ დააწინაურა. მეორე ტაიმში „დინამომ“ უპირატესობა რაულ ბარათელიას (74) გოლით და ზურაბ სეხნიაშვილის (85) ავტოგოლით გაზარდა, საბლოო ანგარიში კი ბოლნისელთა ნახევარმცველმა გოჩა ცირდავამ (86) დააფიქსირა.
„სპაერი“ – „კოლხეთი“ (ფოთი) 2:1
სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. მასპინძელი კობა ქებურიას (60) გოლი ფოთელთა თავდამსხმელმა მამია გავაშელიშვილმა (75) გაქვითა, მაგრამ „სპაერს“ გამარჯვება კობა ქებურიამ მოუტანა, რომელმაც 90+4-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
„კოლხეთი“ (ხობი) – „გარეჯი“ 2:2
ლიდერების დაპირისპირებაში საგარეჯოელები ბექა გაბისკირიამ (20) დააწინაურა. ხობელებმა წონასწორობა გიგა ამბროლაძის (45+2) გოლით აღადგინეს, ოთარ ტორაძის (70) ზუსტი დარტყმით კი წინ გავიდნენ. მაგრამ გიგა წურწუმიას (74) გაძევების შემდეგ კაცნაკლულები დარჩნენ და ამით გიორგი ონიანის გუნდმა ისარგებლა – ლევან პაპავამ 82-ე წუთზე გაიტანა და ლიდერს ქულა მოუტანა.
„ლოკომოტივი“ – „ვიტ ჯორჯია“ 3:0
თბილისის „ლოკომოტივმა“ ახალი მწვრთნელის, რევაზ გოცირიძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი მოიგო. გოლები თორნიკე კურტანიძემ (27), ლაშა მენთეშაშვილმა (36) და ლაშა ოზბეთელაშვილმა (63) გაიტანეს.
„მერანი“ (მარტვილი) – „მერანი“ (თბილისი) 0:0