ეროვნული ლიგა 2 | „გონიომ“ გამარჯვება ხელიდან ბოლო წამებზე გაუშვა – „იბერია 2“-მა პრინციპულ მეტოქეს აჯობა #1TVSPORT

09:33, 16.03.2025

საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. ყველაზე მეტი, 4 გოლი „იბერია-2“-სა – „დინამო-2 თბილისის“ მატჩში გავიდა, ხოლო ყველაზე დრამატული შეხვედრა სფფ-ის ქობულეთის ცენტრში ჩატარდა, სადაც გამარჯვებული ბოლო წამებზე გაირკვა.

გონიო – სპაერი 1:2
ამირან აბუსელიძემ 31-ე წუთზე ანგარიში გახსნა და „გონიოს“ გამარჯვება უკვე მოპოვებული ეგონა, თუმცა გიორგი ცეცხლაძემ (87) ანგარიში გაათანაბრა, ხოლო რომან ტაკიძის (90+1) ავტოგოლით საქართველოს თასის მფლობელმა „სპაერმა“ მატჩი მოიგო.

მეშახტე – ლოკომოტივი 1:1
ამბროლაურის „აგრანო ვაჩაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში სტუმრები დათო ბუკიას გოლით (31) დაწინაურდნენ, მაგრამ დიმიტრი ღურწკაიამ (64) წონასწორობა აღადგინა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

მერანი მრ – სიონი 1:1
მარტვილის „მერანმა“ „მურთაზ ხურცილავა არენაზე“ ბოლნისის „სიონთან“ შეხვედრა სასურველი სცენარით დაიწყო და 43-ე წუთზე გიორგი უგრეხელიძის გოლით დაწინაურდა. გამოცდილი დათა სიჭინავას (72) გოლით გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა ქულა გადაარჩინა.

იბერია-2 – დინამო-2 თბილისი 3:1
ტურის ყველაზე პრინციპული დაპირისპირება „ბენდელა არენაზე“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს საქართველოში ორი საუკეთესო საფეხბურთო აკადემიის აღზრდილები დაუპირისპირდნენ. მატჩი „იბერიას“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – გურამ გოშთელიანმა (16, 90+3) დუბლი გაიფორმა, ხოლო საბა გეგუჩაძემ (61) კიდევ ერთი გოლი გაიტანა. „დინამომ“ მეტოქეს მხოლოდ ლევან ნაჭყებიას (73) ზუსტი დარტყმით უპასუხა.

მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა „სამტრედიასა“ და „რუსთავს“ შორის 16 მარტს გაიმართება. გათამაშების ფავორიტთა დაპირისპირება 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი