ეროვნული ლიგა 2 - ბოლო ტურის ინტრიგა
ეროვნული ლიგა 2 - ბოლო ტურის ინტრიგა

23 ნოემბერს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა2-ის 35-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა და პასუხგაუცემელი კითხვა ისევ დარჩა, რომელმაც ბოლო ტურს ინტრიგა შემატა.

ზუგდიდი – შევარდენი 1906 1:2

განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე ლუკა გუგუჩიამ გახსნა. ამის შემდეგ სტუმრებმა მიხაილო კოზაკის (36) გოლით ჯერ წონასწორობა აღადგინეს, ხოლო დავით ოდიკაძემ (38) „შევარდენი“ დააწინაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:2 თბილისელთა სასარგებლოდ. თუმცა, ზუგდიდელებს ქულის მოპოვება შეეძლოთ, მაგრამ ლუკა გუგუჩიამ 72-ე წუთზე პენალტი მეორედ შეასრულა და ვერ გამოიყენა.

გაგრა – კოლხეთი 1913 5:0

თბილისის მუხიანის სპორტული კომპლექსში ჩატარებულ დაპირისპირებაში „გაგრა“ დიდ უპირატესობას ფლობდა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. პირველ ტაიმში თავი გამოიჩინეს ლაშა ოზბეთელაშვილმა (3), სანდრო შეწირულმა (10) და ივანე ოქროპირიძემ (33), ხოლო მეორე ნახევარში ლაშა-გიორგი ობოლაძემ (72) და ლაშა მანაგაძემ (84).

შუქურა – თელავი 0:1

ფოთის „ფაზისზე“ ერთადერთი გოლი გავიდა – ვასილ გოგოლიძემ 54-ე წუთზე პენალტი გამოიყენა და თელაველებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.

გურია – ცხინვალი 1:1

სატურნირო კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძის“ სახელობის სტადიონზე გაიმართა. მატჩი „ცხინვალისთვის“ იყო შანსი, რომ ლიგაში ადგილი პლეი აუტით შეენარჩუნებინა. სტუმრებმა თამაში კარგად დაიწყეს და 27-ე წუთზე ანგარიში ცოტნე სამუშიას გოლით გახსნეს, მაგრამ 56-ე წუთზე „გურიას“ თავდამსხმელმა თემურ შარაშენიძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

ლიგა 2-ში ბოლო ტურის წინ, თითქმის ყველაფერი გარკვეულია: ეროვნულ ლიგაში „მერანი“ (81) დაწინაურდა, მთავარ ლიგაში გადასასვლელ პლეი აუტში კი „სამტრედია“ (74) და „თელავი“ (60) ითამაშებენ. გარკვეულია ისიც, რომ ლიგა 3-ის გუნდთან დასარჩენ პლეი აუტში ლანჩხუთის „გურია“ იბრძოლებს. გასარკვევი მხოლოდ ესაა – „ცხინვალი“ (26) გავარდება თუ ფოთის „კოლხეთი“ (25)? ამ კითხვაზე პასუხს ბოლო ტურის შედეგებით შევეტყობთ.