ეროვნული ბანკი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესება იგეგმება
ეროვნული ბანკი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესება იგეგმება

ეროვნული ბანკი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესება იგეგმება, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ბოლო დღეებში, სოციალური ქსელებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესებას გეგმავს. საუბარია იმაზე, რომ ემიგრანტები და მათი ოჯახები ფულადი გზავნილების საფუძველზე იპოთეკური სესხის მიღებას ვეღარ შეძლებენ და ის მაქსიმალური თანხა, რისი მიღებაც გზავნილით იქნება შესაძლებელი, 2 000 ლარია.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ფულადი გზავნილებით მიღებულ შემოსავლების მქონე პირებზე სესხების გაცემას კომერციული ბანკები აქამდე არსებული პრაქტიკითა და მოქმედი პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად აგრძელებენ.

სებ-ის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ნორმატიულ ცვლილებებს, მათ შორის 2018 წლის 7 მაისს ძალაში შესულ “კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებას”, რომლითაც კომერციულ ბანკებს გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული სესხების მოცულობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ის ოდენობით შეეზღუდათ, აღნიშნული კუთხით არავითარი დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესებია, ვინაიდან გზავნილებიც, როგორც შემოსავლების სხვა სახეები, ითვლებოდა და ასევე ჩაითვლება დადასტურებული შემოსავლების წყაროდ.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების პროექტს, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ სამსჯელოდ გამოვიტანეთ ამ დებულების მხოლოდ სამუშაო ვარიანტი, რომელიც ჩართული მხარეების კომენტარებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, საბოლოოდ დამტკიცებამდე დაიხვეწება და დაკორექტირდება.

და ბოლოს, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს, ემსახურება მომხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვას და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელის გაჯანსაღებას”, – განმარტავენ ბანკში.