ეროვნულ ლიგა 2-ში „ნორჩი დინამო“ გალიდერდა [ვიდეო]
ეროვნულ ლიგა 2-ში „ნორჩი დინამო“ გალიდერდა [ვიდეო]

ეროვნული ლიგა 2-ის მე-13 ტურის სამი მატჩი გაიმართა, რომელმაც სატურნირო ცხრილში ცვლილებები შეიტანა.

“შევარდენმა” ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ბათუმის “დინამო” მიიღო და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე “დინამოს” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას თბილისის “შატილის” სტადიონმა უმასპინძლა: “ნორჩი დინამო” შესანიშნავად ათამაშდა და ამჯერად, ერთ-ერთ ლიდერ “გაგრას” გაუსწორდა – 3:2. მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ და სტუმრებმა ორივეჯერ წონასწორობა აღადგინეს. მაგრამ იაგო დეისაძემ 89-ე წუთზე სტუმართა კარი მესამედაც აიღო და ამ მატჩის და ტურის გმირობის რეალური კანდიდატია – მის ანგარიშზე დუბლი და საგოლე გადაცემაა. სულ, მიმდინარე სეზონში “ნორჩი დინამოს” თავდამსხმელმა 8 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობა შეინარჩუნა.

სათამაშო დღე ბათუმში, “ანგისას ბაზაზე” ქობულეთის “შუქურასა” და მარტვილის “მერანის” დაპირისპირებით დასრულდა. 39-ე წუთზე, მარტვილელები ნიკა ხინთიბიძეს დუბლით (მე-18 და 39-ე წუთები) 2:0-ს იგებდნენ. ქობულეთელებმა მეორე ტაიმში მდგომარეობა გამოასწორეს, 61-ე წუთზე ნიკო კვასხვაძემ სხვაობა შეამცირა, ხოლო 90+1-ე წუთზე გიორგი ჭანუყვაძემ “მერანს” გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა და “შუქურას” ქულა მოუპოვა 2:2.

ტურის დარჩენილი მატჩები 25 მაისს გაიმართება. “სამგურალი” მარტვილის “მურთაზ ხურცილავაზე” “ცხინვალს” შეხვდება, ხოლო “მცხეთა პარკზე” “ვიტ ჯორჯია” – “თელავს”.

დღევანდელი მოგებით ლიგა 2-ში “ნორჩი დინამო” გალიდერდა, რომელმაც 24 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე მყოფ “ვიტ ჯორჯიას” გადაასწრო.