„ეროვნული ლიგა 2“ ფინიშისკენ მიდის - გადათამაშების მონაწილეები შემდეგ ტურში გაირკვევა
„ეროვნული ლიგა 2“ ფინიშისკენ მიდის - გადათამაშების მონაწილეები შემდეგ ტურში გაირკვევა
კრისტალბეთის ეროვნული ლიგა 2-ში 33-ე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა. „გაგრამ“ „თელავი“ 3:0 დაამარცხა. საინტერესოა, რომ ყველა გოლი ტაიმების მიწურულს გავიდა. 45-ე წუთზე ანგარიში ლაშა მანაგაძემ გახსნა და ძირითადი დროც ასე დასრულდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს: 90+2-ე წუთზე მეტოქის კარი ცოტნე ფაცაციამ აიღო, ხოლო 90+3-ე წუთზე, სანდრო შეწირულის გადაცემის შემდეგ საბოლოო ანგარიში ლაშა ოზბეთელაშვილმა დააფიქსირა 3:0.
აუტსაიდერმა ფოთის „კოლხეთი 1913“-მა „ფაზისის“ სტადიონზე ერთ-ერთ ლიდერს, „სამტრედიას“ უმასპინძლა – ლიგაში დასარჩენად  კოლხებს მხოლოდ მოგება აწყობდათ, მაგრამ ფრეს დასჯერდნენ – 1:1. ანგარიში 33-ე წუთზე თამაზ შალიკაშვილმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. 85-ე წუთზე, „სამტრედიას“ თავდამსხმელმა გურამ სამუშიამ წონასწორობა აღადგინა და გუნდს ქულა მოუტანა.
უკვე ცნობილია, რომ ფინიშამდე სამი ტურით ადრე ეროვნული ლიგის საგზური თბილისის „მერანმა“ მოიპოვა, რომელიც „ვიტ ჯორჯიას“ ჩაანაცვლებს. ლიგა 2-ში მეორე ადგილი და ეროვნული ლიგის გუნდთან გადათამაშებაში მონაწილეობა გარანტირებული აქვს „სამტრედიას“, რომელსაც „თელავი“ მეორე ადგილს ვეღარ შეეცილება.
კახელებიც, დიდი ალბათობით, პლეი აუტში ითამაშებენ, რადგან 7 ქულით უსწრებენ „შევარდენს“, რომელმაც მეოთხე წრე ჩააგდო და ძნელი წარმოსადგენია, რომ „თელავთან“ ეს ჩამორჩენა დაძლიოს. უკეთეს შემთხვევაში, ლიგა 3-ის გუნდთან გადათამაშება მოუწევს უძველეს ქართულ კლუბს, ფოთის „კოლხეთს“, რომელმაც სეზონი ჩააგდო და დაქვეითების რეალური კანდიდატია.
დიდი ალბათობით, 34-ე ტურში გაირკვევა, როგორც ეროვნული ლიგის, ასევე ლიგა-3-ის გუნდთან გადათამაშების მონაწილე გუნდების ვინაობა.
1. მერანი თბ 81
2. სამტრედია 68
3. თელავი 54
4. შევარდენი 49
5. შუქურა 43
6. გაგრა 41
7. ზუგდიდი 37
8. ცხინვალი 31
9. გურია 29
10. კოლხეთი 22