ერევანში საქართველოსა და სომხეთის ვეტერანთა ნაკრებებმა ითამაშეს - გოლი მოქმედმა მოთამაშემაც გაიტანა #1TVSPORT
ერევანში საქართველოსა და სომხეთის ვეტერანთა ნაკრებებმა ითამაშეს - გოლი მოქმედმა მოთამაშემაც გაიტანა #1TVSPORT

საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებმა ერევანში სომხეთის ვეტერან ფეხბურთელებთან ამხანაგური მატჩი გამართა და დამარცხდა.

ამხანაგური შეხვედრა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა თაობის ფეხბურთელები წარმოადგენენ, მათ შორის ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე, გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ასევე დავით ყიფიანის შვილიშვილი – უმცროსი დავით ყიფიანი, გუნდის მწვრთნელები კი, ოთარ გაბელია და დავით მუჯირი იყვნენ.

სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში ფაქტობრივად გუნდის 2-3 წლის წინანდელი ლიდერები თამაშობდნენ – იურა მოვსისიანი, მარკოს პიზელი, ედგარ მანუჩარიანი, მოთამაშე-მწვრთნელი კი მეკარე რომან ბერეზოვსკი იყო. იყო მოქმედი მოთამაშეც.

საქართველოს ნაკრებს პირველ ტაიმში ბევრი კარგი შანსი ჰქონდა. მე-15 წუთზე ლევან კობიაშვილის გადაცემით საჯარიმოში გიორგი დემეტრაძე გაიხსნა, რომელის მოცელეს და დაინიშნა პენალტი, მაგრამ დემეტრაძემ არაზუსტად დაარტყა და გუნდის დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა.

შეხვედრა ადგილობრივმა მსაჯმა სახალისოდ წარმართა. დემეტრაძემ 21-ე წუთზე მაინც გაიტანა, მაგრამ არბიტრმა სომეხ ვეტერანებს ზეიმი არ ჩაუშხამა და გოლი არ ჩათვალა. მანამდე კობახიძე პირისპირ გავიდა მეკარესთან, რომელმაც საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და ცხადია, არბიტრმა წითელი ბარათით ამხანაგური მატჩი არც მას ჩაუმწარა. ტაიმის ბოლოს (30-წუთიანები იყო) საჯარიმოში იაშვილის წაქცევისთვის მასპინძელთა კარში მეორე პენალტის დანიშვნაც შეეძლო.

მეორე ტაიმში, 32-ე წუთზე სომხებმა ანგარიში კრასნოდარის „ყუბანის“ მოქმედი მოთამაშის, არტურ სარქისოვის გოლით გახსნეს – როგორ მოხვდა ის ვეტერანებში, უცნობია. ოთხ წუთში იური მოვსესიანმა მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, 45-ე წუთზე კი მარკოს პიზელმა მესამეც გაიტანა.

53-ე წუთზე დემეტრაძემ მეორედ გამოიმუშავა პენალტი, რომელიც იაშვილმა უნაკლოდ გამოიყენა. მაგრამ ბოლო წუთზე ედგარ მანუჩარიანმა კიდევ ერთი გაიტანა და მოქმედი მოთამაშეებით გაძლიერებულმა სომეხმა ვეტერანებმა 4:1 მოიგეს.


სომხეთის ვეტერანები – საქართველოს ვეტერანები 4:1


საქართველოს ვეტერანატებთა ნაკრები: რევიშვილი – სალუქვაძე, ხიზანიშვილი, იმედაშვილი, ცქიტიშვილი, კობახიძე, კობიაშვილი, იაშვილი, დემეტრაძე, სირაძე, ალექსიძე.

შეცვლაზე: ლომაია, გოცირიძე, ჩიქოვანი, შენგელია, დუმბაძე, ყიფიანი, რევაზიშვილი, მაზიაშვილი.