ექსპერტი გია არაბიძე - დენის ტარიფი იმ მინიმუმით გაიზარდა, რაც კომპანიებს ოპერირების შესაძლებლობას მისცემს
ექსპერტი გია არაბიძე - დენის ტარიფი იმ მინიმუმით გაიზარდა, რაც კომპანიებს ოპერირების შესაძლებლობას მისცემს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი გია არაბიძე ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ გადასახადი იმ მინიმუმით გაიზარდა, რაც ენერგოკომპანიებს ოპერირების შესაძლებლობას შეუნარჩუნებს.

„მიმაჩნია, რომ ახალი ტარიფი არის ის მინიმალური რაოდენობა, რითაც ენერგოკომპანიებმა უნდა შეძლონ ოპერირება დღევანდელ რეჟიმში მაინც. ეს არ არის ტარიფი მათი პროგრესის, სერიოზული განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის“,- აცხადებს პროფესორი გია არაბიძე.

ენერგეტიკოსის თქმით, ტარიფის გაზრდის გარდაუვალობა არაერთმა მყარმა არგუმენტმა განაპირობა.

„საქართველოში იაფი ელექტროენერგიის რაოდენობა საერთო კალათაში მნიშვნელოვნად მცირდება წლების განმავლობაში. ამას ემატება მომავალ წელს ენგურჰესის გაჩერება. ამ დანაკლისის ანაზღაურება საქართველოს დაახლოებით 90 მლნ ლარი დაუჯდება იმპორტის სახით“, – განმარტავს გია არაბიძე.

„არსებობს მონაცემები, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაახლოებით 250 მლნ ლარამდე, ხოლო „თელასს“ 150 მლნ ლარამდე შეუსრულებელი ვალდებულებები აქვთ. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებმა ვერ შეასრულეს ვალდებულებები, ვერ განახორციელეს ინვესტიციები და ასე შემდეგ. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განაცხადა, რომ ხელფასების გაცემაც კი უჭირს. ეს ვალდებულებები, რაც კომპანიებმა ვერ შეასრულეს, მომავალი წლების ტარიფებში აუცილებლად უნდა აისახოს, რათა ვალდებულებები შესრულდეს. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება მძიმეა მოსახლეობისთვის. უცებ გადავთვალე და მე პირადად, დაახლოებით, 8 ლარით მეტის გადახდა მომიწევს თვეში ელექტროენერგიაზე, ტარიფის გაზრდიდან გამომდინარე. მეორე საკითხია, რომ ეს ცვლილება მძიმე დარტყმა იქნება კომერციული ობიექტებისთვის – მათი ნაწარმის თვითღირებულებაში გაიზრდება ენერგიის ფასი და საბოლოოდ ეს პროდუქცია გაძვირდება“, – ამბობს სტუ-ს პროფესორი.

გია არაბიძე დაუშვებლად მიიჩნევს ენერგოსექტორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებას და სავსებით მისაღებად მიაჩნია ამ ფონზე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებისა და ბიზნესის მოწყვლადი ნაწილისთვის ტარიფში სხვაობის სუბსიდირება-შემსუბუქება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ასევე, ტარიფი ძვირდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის.