აკი ბაშოს მე-5 დღეს მეორე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ.
ტოჩინოშინის პირისპირ ასევე ყოფილი ოძეკი, ამჟამად კი მე-6 მაეგაშირა ტაკაიასუ წარსდგა.
სასტარტო შეჯახების შემდეგ უპირატესობა იაპონელმა მიიღო, რომელმაც სწრაფად მოახერხა ქართველი მებრძოლის მავაშის აღება და ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადა ბრძოლის დასრულება.
ერთი შეხედვით განწირული პოზიციიდან გამოსვლა ტოჩინოშინმა ულამაზესი ილეთით მოახერხა და დღის ერთ- ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა. ლევან გორგაძემ მეტოქეს ქართული ჭიდაობის ელემენტი „ამოსმული“ შესთავაზა და ექსოძეკების შერკინება ეფექტური გდებით, კაკენაგეთი დაასრულა.
5 საშეჯიბრო დღის შემდეგ ტოჩინოშინს ორი გამარჯვება და სამი მარცხი აქვს.
ხვალ მისი მეტოქე სეკოვაკე შოდაი იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ლევან გორგაძეს მინიმალური ჩამორჩენა აქვს 7-8.